თეთრი სახლი – “იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი, ბაიდენი ინაუგურაციას დაესწრება”
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, დაესწროს ინაუგურაციას, იმის მიუხედავად, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში,- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების გადაცემის პროცესი იქნება მშვიდობიანი.
„პრეზიდენტს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა და ეს არის ის, რასაც ნახავთ და რასაც პრეზიდენტი გააკეთებს“, – განაცხადა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინამორბედი პრეზიდენტები რეგულარულად ესწრებიან თავიანთი მემკვიდრეების ინაუგურაციას.
„ბაიდენი, რა თქმა უნდა, მიიღებს ამაში მონაწილეობას“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი არ ესწრებოდა. ტრამპმა თეთრი სახლი ინაუგურაციამდე დატოვა.