გიგი უგულავა: შეიძლება მალე სიტუაცია უმართავი გახდეს

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა “თავისუფალი ზონის“ აქტივისტებს ფარნაოზ ჭკადუას და დავით გოგოხიას სოლიდარობას უცხადებს. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ გუშინ პეკინის ქუჩაზე, „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მომხდარი მოვლენა მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ჩამოშლის პირას დგას. დედაქალაქის ყოფილი მმართველი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში სიტუაცია მალე უმართავი გახდეს.

“მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, ჩემს ორ ახალგაზრდა მეგობარს – ფარნაოზ ჭკადუასა და დავით გოგოხიას. გუშინ პეკინის ქუჩაზე, „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მომხდარი ძალიან სიმპტომატური მოვლენა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სახელმწიფოს ჩამოშლის პირას ვდგავართ. ჩვენ ვხედავთ ქუჩაში ხელისუფლების მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელდასმული და სანქცირებული გაუგებარი კრიმინალური სახეების ტირაჟირებას. როდესაც ესეთი ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, დღისით-მზისით თავს დაესხან სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, და ამგვარ ქმედებას, არაფერი მოჰყვება, გარდა იმისა, რომ დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგნენ როგორც ბრალდებულები, ხოლო პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, მეტი არაფერია თუ არა პოლიტიკური შუღლის ხელოვნურად გაღვივება. ევროპის საბჭოს რეზოლუციაშიც სწორედ ამაზეა ძირითადი შენიშვნები. სახელმწიფოს ეროზია იწყება მაშინ, როდესაც პატრულმა იცის, რომ თავდამსხმელი უშუალოდ მისი ხელმძღვანელის, მისი მინისტრის ხელდასმითა და დავალებით მოქმედებდა. აი ეს არის სახელმწიფოს ეროზია, რომელიც სახიფათო სინდრომებს იღებს დღეს. ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია ამ ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვიქნებით ციხეში თუ ოპოზიციაში, ვიქნებით მინისტრის სავარძელში თუ პარლამენტში, პასუხისმგებლობა ყველას გვაკისრია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქნება თუ არა ივანიშვილის სახელი და გვარი მოხსენიებული ევროპის საბჭოს რეზოლუციაში, ყველასათვის ყველაფერი ნათელია, სწორედ ის გახლავთ დღევანდელი მთავრობის მენტორი. ქვეყანა უკვე სახიფათო ზღვარს გადაცდა, ცალი ფეხით უკვე უფსკრულის პირას ვართ და თუ ეს შიზოფრენია ყველამ ერთად არ შევაჩერეთ, მაშინ ორივე ფეხით გადავეშვებით მორევში და ყველაფერი უკვე გვიან იქნება. ეს უკანასკნელი დღეები ამის ნათელი დადასტურებაა. ვისაც ესმის პოლიტიკა, ვისაც ესმის საზოგადოებრივი დუღილის ტემპერატურა, ის კარგად მიხვდება, რომ შეიძლება მალე სიტუაცია უმართავი გახდეს. ევროპის საბჭოს რეზოლუციაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სახელმწიფოს ჩამოშლის პირას ვდგავართ“-აცხადებს გიგი უგულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები