პროკურატურა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სააპელაციოს განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

   საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს , უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრებს – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პროკურატურის განცხადებას “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ : “დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა 2013 წლის 28 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი ბაჩანა ახალაიას, მეგის ქარდავას, რევაზ ჭარბაძისა და დავით ჭაკუას მიმართ, რომლითაც ბრალდებულები დამნაშავედ იქნენ ცნობილნი პატიმრების მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით, ამნისტიის აქტის გამოყენების საფუძველზე განესაზღვრათ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 2013 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ბაჩანა ახალაია შეწყალებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ამავე განაჩენით, ბრალდებულები ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რომელიც ეხებოდა მსჯავრდებულ პლატონ მამარდაშვილის ციხიდან უკანონო გაყვანის ფაქტს. ბრალდების მხარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას გამართლების ნაწილში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას მიმართ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში პატიმრების წამების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთათვის, სასჯელის მოხდის განმავლობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით უკანონო შეღავათების დაწესების ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები