ივანე მაჭავარიანი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი მივიდა.
მაჭავარიანის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ დაიბარეს ის გამოკითხვაზე.
„არ ვიცი რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ. კითხვებს რომ დამისვამენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გეტყვით, რატომ დამიბარეს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიასმიერ განხორციელებული ქმედება.