გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსების მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსების მიმდებარედ უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, – განაცხადა თბილისის კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა გლდანის რაიონის გამგეობას პროექტის განხორციელებისთვის.
„დავასრულეთ სკვერის რეაბილიტაცია, რომლის ფართობი ჰექტარზე მეტია. სკვერი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა, გლდანის რაიონის გამგეობას მადლობა გადავუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები.
მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაიგო რულონური ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში შეგვეძლება ადგილზე მისვლა, დათვალიერება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა რაიონსა და უბანში საჭიროა ამ ტიპის პროექტის განხორციელება. სადაც სივრცეები გვაძლევს საშუალებას, რა თქმა უნდა, შევდივართ და ვახორციელებთ მსგავს პროექტებს, რადგან ეს ხელს უწყობს მოქალაქეებს, რომ განიტვირთონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.