გიორგი მარგველაშვილი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში ნეგატიური ელემენტი ყოველთვის უფრო მეტად ჩანს (ვიდეო)
ევროსაბჭოს რეზოლუციაში ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ნეგატიური ყოველთვის უფრო მეტად ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუციაში ნახსენები იყო საკითხი პრეზიდენტის თაობაზეც და, როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, რეკომენდაციების ამ ნაწილში ის არის გახსნილი და მზად არის, დაიწყოს კონსულტაციები საკითხის უფრო სიღრმისეულად შესასწავლად.
“გულისყურით ვუსმენთ ევროსაბჭოს, როგორც ქართული პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან ორგანოს. ჩვენ ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების კურსი ავირჩიეთ. ამ კურსში თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვენ ახლო კონსულტაციებში ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებიც გვაძლევენ რეკომენდაციებს. მე მადლობელი ვარ ამ რეკომენდაციებისთვის, რადგან მათი გააზრება, არა აუცილებლად ზედმიწევნით შესრულება, მაგრამ განხილვა და გააზრება ჩვენ მიგვიყვანს უფრო მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებამდე”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროა, რომ იმ რეკომენდაციებში, რომელიც მიცემულია რუსეთის ფედერაციისთვის, სადაც სპეციფიკურად ნახსენებია ყირიმი, თუმცა ნახსენები არ არის საქართველო.
“ჩვენ გაგვიხარდებოდა, რომ ასევე ნახსენები ყოფილიყო საქართველო, კერძოდ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. სამწუხაროდ, ეს არ ჩანს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს გამოსწორდება. მე ვნახე ბევრად უფრო ინტენსიური დინამიკა უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში. ეს დასანანია, რადგან ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ იმას ვცდილობთ, რაც შეიძლება თვალნათლივ ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ის, რაც ყირიმში ხდება და რაც საქართველოში მოხდა, არის ერთი სცენარი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=GETlsTzKISI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]