ნინო წილოსანი: ოპოზიცია უშანსოა, თავადაც ვერ აკეთებენ ანალიზს, რატომ მივიდნენ ამ შედეგამდე

„ოპოზიცია უშანსოა, თავადაც ვერ აკეთებენ ანალიზს, რატომ მივიდნენ ამ შედეგამდე, რატომ იკლებს მათი ამომრჩევლის რაოდენობა და რატომ იზრდება „ქართული ოცნების“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიცია მუხტის შენარჩუნებას ცდილობს.

,,მანდატებზე უარის თქმა ამომრჩევლის ღალატი იქნება. ჩვენთვის კი იმ დაპირების შესრულება გამოდის, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას და გასამართლებას გულისხმობს. ვინც იტყვის უარს მანდატებზე, რომელიც ამომრჩეველმა გადასცა, ისინი მიწისაგან პირისგან თავადვე აღიგვებიან. ახლა ოპოზიცია ცდილობს მუხტის შენარჩუნებას, რომელიც მათ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის სჭირდებათ. ჩვენ ვიხილეთ გუშინდელი აქცია, რომელიც მრავალრიცხოვანი არ იყო – უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, გამომდინარე იქედან, რომ ამ ამომრჩევლის დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს. პოლიტიკაში თუ სპორტულ შეჯიბრში წაგებულმა წაგება უნდა აღიაროს. დეზინფორმაციაა, რომ მანდატებზე უარის თქმით და სიების ჩახსნით პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს, სიმბოლურ პრეზიდენტს აქვს რაიმე უფლება და შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომა ვერ ჩაინიშნოს. ეს დეზინფორმაცია ერთი მხრივ, ჟურნალისტებისა და ვაიპოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის ბრალია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ყველაფრისგან ხეირს ვერ ნახავენ, მაგრამ ამას მაინც არ ამბობენ“, -განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები