ზაალ ანჯაფარიძე: “ოპოზიციის მოთხოვნა – ხელახალი არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს, პოლიტიკურად უმწიფარია”

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება, პოლიტიკურად უმწიფარია. ამის შესახებ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

“ეს მოთხოვნა, მე ვიტყოდი, პოლიტიკურად აბსოლუტურად უმწიფარია. ეს რას ნიშნავს – რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გვერდზე უნდა გაიწიოს და არჩევნები უცხო სახელმწიფომ ჩაატაროს? ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი არჩევნები საკუთარი რესურსებით ჩაატაროს. ეს არის, ფაქტობრივად, სახელმწიფოსთვის გამოტანილი ვერდიქტი – რომ არ აქვს დალაგებული საარჩევნო სისტემა, არ აქვს სრულყოფილი საარჩევნო დემოკრატია. ისმის კითხვა – რა ესაქმება ასეთ სახელმწიფოს ევროკავშირში? ევროკავშირში ხომ იტყვიან – იცით, რა არის, პატივცემულო ქართველებო, ჯერ თქვენი საარჩევნო სისტემა დაალაგეთ, საარჩევნო დემოკრატია გამართეთ, მერე შემოგვიარეთ და წევრობაზე განაცხადი გააკეთეთო. ეს არის საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება. მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის მიმართ. ესეც კარგი მარკერია იმისთვის, რატომ არ აძლევს ხმას ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ოპოზიციას – რადგან ისინი ჩვენი ტრადიციული ღირებულებების საპირისპირო ღირებულებების მატარებლად მიაჩნია” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება. “არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არა თუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს! ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა ამ გაყალბებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ. ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც უნდა შესრულდეს” – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ გამართულ აქციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები