„ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები” – პაპუაშვილი
„ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებას არავის ვურჩევ, ვინაიდან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს ხოლმე და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “მართალია, მერე ბოდიშს აღარ იხდიან, მაგრამ საბოდიშოდ აქვთ ხოლმე საქმე”.
“შეგახსენებთ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით მივიდნენ იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის და სხვა ელჩები და ყალბი საფუძვლით, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და საჭირო იყო მისი გადაყვანა, გამოუცხადეს დე მარში საქართველოს იმ ქვეტექსტით, რომ მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საქართველოს, რომ ეს პრობლემა – სააკაშვილის ციხეში ყოფნა მოეცილებინათ და სადმე საზღვარგარეთ გაგვეყვანა.
რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ, 27 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ამხილა იმაში, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებაზე დაფუძნებული. აი, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები, როდესაც აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად გამოგონილ, ცრუ ბრალდებას ეფუძნებოდა ეს დემარში. ვინ ამყარებდა ამ ბრალდებებს – ამყარებდა მაშინდელი სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარია, რომელმაც ყალბი დასკვნა შეადგინა, სადაც ეწერა, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ არის მისთვის სასჯელის გადავადების ყველა საფუძველი და ამ ტყუილში ამხილა სტრასბურგმა ქალბატონი ლომჯარია, რომ არანაირი კრიტიკული მდგომარეობა იქ არ იყო. მეორე – ამ დე მარშს საფუძველს უქმნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავეს ამტკიცებდნენ მაშინ და ოპოზიცია”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.