კახა კალაძე: ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრება და ეს სხვადასხვა ფორმით გამოხატონ, მაგრამ მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში – თუკი ვინმე გაცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

ესენი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ, გვაქვს ამის მაგალითები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ავიღოთ, პირდაპირ პარალელური დათვლები გააყალბეს და ამის ნიადაგზე სურდათ რევოლუციის მოწყობა. ცესკოში აპირებდნენ შევარდნას და რა ამბები იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალების მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო არ დაუშვებს არეულობას.

„მეგობრებო, ვინმეს ერთი არასწორი ნაბიჯი კანონსაწინააღმდეგო და სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე. მერწმუნეთ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა.

ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრება და ეს სხვადასხვა ფორმით გამოხატონ, მაგრამ მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. თუკი ვინმე გაცდება კანონის ჩარჩოებს, არ იფიქროთ მე ვიღაცას რამეს ვემუქრები, მაგრამ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ძალიან მკაცრი, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად და პარტიას დიდი შანსი აქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაც მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები