არჩილ თალაკვაძე: მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად ძალიან კარგი იქნება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ოთხი ძირითადი დაპირება აქვს, რაზეც მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაა აგებული.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება ძალიან კარგი.

„პირველ რიგში, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, რაც ყველა დანარჩენი პრიორიტეტის შესრულების პირობაა და ეს გუნდმა უკვე დაამტკიცა ამ წლების განმავლობაში, როცა ქვეყანა მცირე რისკის წინაშეც კი არ დააყენა; მეორე საკითხი არის ეკონომიკის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და კეთილდღეობის დონის მომატება, რა მიმართულებითაც ასევე ბევრი გაკეთდა, რაც რეალისტურია და ამას საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებიც ადასტურებენ; მესამე არის სოციალური დაცვის დონის გაუმჯობესება, პენსიების ზრდა, ჯანდაცვის სერვისების კიდევ უფრო გაფართოება და ეფექტიანობის გაზრდა, ბავშვებისა და საზოგადოების სხვა წევრების უფრო ეფექტიანად დაცვა, ვისაც სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება; მეოთხე საკითხია ქვეყნის ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება ძალიან კარგი. ვიცით, რომ რჩება პრობლემები. ვიცით, რომ რჩება არაერთი ოჯახი და მოქალაქე, რომელსაც კიდევ სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება. არა ერთი საკითხია გადასაჭრელი, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, საქართველო აუცილებლად გავა ამ დერეფანს, გაივლის და გაივლის მშვიდობით, ღირსებით; ჩვენ ქვეყანას მივიყვანთ იქ, სადაც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, სადაც ჩვენი თაობის მცდელობაა და, სადაც ჩვენს შვილებს სჭირდებათ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები