პრეზიდენტი: ყველაფერს გამოვრიცხავ, გარდა ევროპული ძალებისა და საქართველოს გამარჯვებისა

ყველაფერს გამოვრიცხავ, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა და საქართველოს გამარჯვებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გარანტიებს ეხებოდა.

ზურაბიშვილის თქმით, გარანტიებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის არანაირი კონკრეტიკა არ არის.

„მე შევასრულებ იგივე როლს, რაც აქამდე მქონდა. მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე დიდი აქტივობით და ცხადი შედეგით. მერე ყველაფერ ამას მოჰყვება ის, რაც საჭირო იქნება. საერთაშორისო დონეზეა გამოცდილი, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მანამდე ხალხის ნება უნდა გამოიხატოს.

გარანტიებში არანაირი კონკრეტიკა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რაღაც ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს, მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები