პრემიერი: შსს-ს და პოლიციის დეპოლიტიზება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, ოპოზიციის უკიდურესად ძალადობრივი აქციების დროს სამინისტრო მოქმედებდა კანონისა და იმ პასუხისმგებლობის შესაბამისად

შსს-ს და პოლიციის დეპოლიტიზება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც შეეხება ოპოზიციის კონკრეტულ აქციებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს აქციები თავისი შინაარსით იყო უკიდურესად ძალადობრივი, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, იყო შტურმი საქართველოს პარლამენტის შენობაზე და ამას ჰქონდა სათანადო რეაგირება შსს-ს მხრიდან.

„მათ შორის, იყო შტურმი, უმთავრესი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის შენობაზე და ამაზე შსს-ს ჰქონდა სათანადო რეაგირება. იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა ამ ინციდენტების მიღმა, შსს თავიდან ბოლომდე მოქმედებდა კანონისა და იმ პასუხისმგებლობის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოს აკისრია მოქალაქეების წინაშე. მიმდინარეობს გამოძიება როგორც ამ ინციდენტებზე, ასევე მომიტინგეების მხრიდან ჩადენილ ძალადობრივ აქტებზე, ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც სათანადოდ დასრულდება. გახსოვთ, მაგალითად, როდესაც გახარიამ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და გაზი, რით დასრულდა ეს ყველაფერი. წყლის ჭავლი და გაზი არის ყველაზე რბილი საშუალებები, რაც შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს ძალადობრივი შეკრების წინააღმდეგ. რაც შეეხება შსს-ს საქმიანობას, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გახდა შს მინისტრი, თქვენ ხედავთ, თუ როგორია ყველა სპეცოპერაციის მიმდინარეობა, აბსოლუტურად პროპორციულია თითოეული მოქმედება, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ნებისმიერ ქმედებაზე აქვს პროპორციული მიდგომა.

„ჩვენი მიდგომა არის ის, რომ პროპორციული უნდა იყოს ნებისმიერი ქმედება. იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა ამის მიღმა, შსს მოქმედებდა პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. გახსოვთ, რა მიდგომები იყო 2012 წლამდე ამ ქვეყანაში, როდესაც მომიტინგეებს კლავდნენ და შემდეგ მათ ცხედრებს ათავსებდნენ ჯიხურებზე. დღეს შსს-ს მიდგომა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ხედავთ, როგორია კონკრეტული აქტები, რომლებიც ხორციელდება მათ შორის ევროპაში, აშშ-ში. იყო შემთხვევები, როდესაც ბრუტალური ფორმით დაშალეს, დაარბიეს მიტინგები. ეს მიდგომები და ხელწერა არ არის დამახასიათებელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენ გვაქვს პროპორციული მიდგომა.

არსებობს გამოძიების მაღალი სტანდარტი, შარშან, ლამის, მთელი თბილისი გადაწვეს მოძალადე, მომიტინგეებმა და ერთადერთი ადამიანი იყო დაჭერილი ამისთვის, ისიც შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. წელსაც იყო უამრავი დანაშაულებრივი აქტი, რაც განხორციელდა მომიტინგეების მხრიდან. ამასთან ერთად იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი მეორე მხრიდან, ყველაფერთან დაკავშირებით წარიმართება გამოძიება. რატომ არ ითხოვთ სასწრაფო წესით იმ მომიტინგეების დაკავებასა და დაპატიმრებას, რომლებიც უმძიმეს დანაშაულს სჩადიოდნენ? რატომ არ სვამთ კითხვას იმაზე, თუ დღემდე რატომ არ არიან დაკავებულები მოძალადე მომიტინგეები? მაღალი სტანდარტია გამოძიების და ორივე მიმართულებით გრძელდება გამოძიება“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები