ბიძინა ივანიშვილი: როდესაც საქმე სამშობლოს, ღირსებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ამ ქალაქისა და კუთხის შვილები ყოველთვის განსაკუთრებული პრინციპულობით და სიმკაცრით გამოირჩევიან – ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც საქართველოს და ზოგადად, ქართველების ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა

ჩვენი ქვეყნისთვის ქუთაისი მთავარი დასაყრდენი იყო ოდითგან! სწორედ ქუთაისში ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი, სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ჩვენმა უდიდესმა წინაპარმა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და სწორედ ქუთაისი იყო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მისივე თქმით, როდესაც საქმე სამშობლოს, ღირსებას და  ქვეყნის მომავალს ეხება, ქუთაისისა  და იმერეთის შვილები ყოველთვის განსაკუთრებული პრინციპულობით და სიმკაცრით გამოირჩევიან და ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც საქართველოს და ზოგადად, ქართველების ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა.

„გელათის აკადემია და ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; აკაკი წერეთელი, ზაქარია ფალიაშვილი, ცისფერყანწელები და რა თქმა უნდა გალაკტიონი! თითქოს მეტი რა უნდა მისცეს ქართულ კულტურას ერთმა კუთხემ, ერთმა მხარემ, მაგრამ ქუთაისმა და იმერეთმა გაცილებით, გაცილებით მეტი შეძლო. ბოლოს და ბოლოს, ხომ ვიცით, რომ სულ რაღაც საუკუნის წინ, სწორედ ქუთაისმა შესძინა თბილისის კულტურულ ცხოვრებას ახალი სიცოცხლე!

ამ ქალაქის საამაყო შვილი, დიდი რეზო გაბრიაძე ამბობდა –  „მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის… ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია“…  დავამატებდი, რომ როდესაც საქმე სამშობლოს, ღირსებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ამ ქალაქისა და კუთხის შვილები ყოველთვის განსაკუთრებული პრინციპულობით და სიმკაცრით გამოირჩევიან!

ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც საქართველოს და ზოგადად, ქართველების ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც ქვეყანაში ჯოჯოხეთური ტერორი იყო გამეფებული და ადამიანებს აზრის გამოთქმისა და პროტესტის გამოხატვის კი არა, თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები