ნუკრი კაკილაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მტერი ვარ და ვიქნები ყოველთვის – მთელი საქართველო გააუბედურეს და გაამწარეს
მე „ნაციონალური მოძრაობის“ მტერი ვარ და ვიქნები ყოველთვის – მარტო მე კი არა მთელი საქართველო გააუბედურეს და გაამწარეს, – ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლმა ნუკრი კაკილაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას მილიონის მოტანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრნენ.
„მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი, მაშინ ეროვნული სტადიონი ერქვა, ახლა „დინამოს“ სტადიონი ჰქვია, იქ. როგორც კი ფეხბურთს თავი დავანებე მას მერე იქ ვიყავი და სულ ვცდილობდი კოლექტივი შემენარჩუნებინა. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ ესენი, სულ ვცდილობ კორექტული სიტყვები გამოვნახო, ისე ვარ გამწარებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. 2004 წლის დასაწყისი იყო, როცა ჩვენთან შემოვიდა გენპროკურატურა, ირაკლი ოქრუაშვილი იყო მაშინ მთავარი პროკურორი. თვეების განმავლობაში იყვნენ, ამოწმებდნენ. მე საერთოდ ოქრუაშვილთან შეხება არ მქონია, არ ვიცნობდი და არ ვიცი პირადული პრობლემა ჰქონდა, ვინმესგან დაბარებული ჰქონდა თუ არ ვიცი. მერე ოქრუაშვილი გადაიყვანეს შსს-ში და შემოუშვა უკვე საგამოძიებო ჯგუფი. ერთ მშვენიერ დღეს ჯგუფის უფროსმა დამიბარა და მითხრა საგამოძიებოს უფროსი გიბარებსო, რომ ვითომ რაღაც აქტი უნდა განვიხილოთო, რაც ჩაატარესო. მუჯირი იყო საგამოძიებოს უფროსი, ვისთანაც შევედი და მითხრა, რომ ჩათვალე არანაირი აქტი არ არსებობსო. რომ ვკითხე აბა რატომ დამიბარეთთქო, პირდაპირ მითხრა ფული უნდა მოიტანოო. რომ ვიკითხე რატომ უნდა მომეტანა ფული, ნახეს თუ არა დანაშაული რამე, მითხრეს არაო, ქვეყანას უჭირსო და მილიონი უნდა მოიტანოო. საიდან უნდა მქონოდა ფული, სამი დღე მომცეს. ამიტომ წამოვედი სამსახურიდან. ამ საუბრის მერე მოლოდინი დაჭერის უკვე მქონდა. ჯერ მაშინ ახალი მოსული იყვნენ და საშინელებები ისე არ ჰქონდათ გაკეთებული. ფაქტობრივად პირველ ნაკადში მოვყევი. საუბრიდან გამომდინარე უკვე ვგრძნობდი, რომ დამიჭერდნენ“, – აღნიშნა კაკილაშვილმა.
მისივე თქმით, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოძლიერება ოდესმე კიდევ მოხდებოდა.
„მე ციხიდან გამოსვლის მერე, ჯერ „ქართული ოცნება“ მოსულიც არ იყო, რომ ყველანაირ მიტინგზე ვიდექი. პირდაპირ გეუბნებით, მე „ნაციონალური მოძრაობის“ მტერი ვარ დავიქნები ყოველთვის. მარტო მე კი არა მთელი საქართველო გააუბედურეს და გაამწარეს“, – განაცხადა კაკილაშვილმა.