ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინელი სამხედროების მომზადების თაობაზე ევროკავშირის სასწავლო მისიის (EUMAM) გახანგრძლივების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბორელის თქმით, ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები „დიდი ზეწოლის ქვეშ არიან მთელი ფრონტის ხაზზე“.
„ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი შესაძლებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია. EUMAM-ის მისიის მანდატს მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ“, – დასძინა მან.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოში ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსი იქნება.
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ასევე შეეხო ევროპის მშვიდობის ფონდის თანხების დაბლოკვის თემას, რომელიც წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის კომპენსაციისთვის ეგზავნებათ.
ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრები თითქმის მივიდნენ საკითხის განბლოკვამდე, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არ დაუსახელებია.
ამასთან, ბორელმა პირობა დადო, რომ საჭირო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უკრაინას ეწვევა და ეს მისი მანდატის დასრულებამდე მოხდება.
შეგახსენებთ, რომ EUMAM-ის მისია 2022 წლის ოქტომბერში, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მიზნით შეიქმნა. EUMAM-ის ფარგლებში სწავლება ძირითადად პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.