დიდი ქართველი პოეტის – გრიგოლ ორბელიანის დაბადებიდან 220 წელი გავიდა
დიდი ქართველი პოეტის, გრიგოლ ორბელიანის, დაბადებიდან 220 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გრიგოლ ორბელიანის – სასიქადულო მამულიშვილისა და დიდებული რომანტიკოსის, ხსოვნას.
გრიგოლ ორბელიანის ბიოგრაფია უაღრესად საინტერესო და, ამავე დროს, მრავალფეროვანია. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელშიც სწავლობდა და საარტილერიო სკოლაშიც; პოეტიც იყო და გენერალიც; 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულიც და რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ომებში გამოჩენილი სიმამაცისთვის იმპერიის უმაღლესი ორდენებითა თუ წოდებებით დაჯილდოებულიც. ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ერთხანს კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობასაც კი ასრულებდა.
გაორებულია გრიგოლ ორბელიანის მიმართ მომდევნო თაობების გამოჩენილ წარმომადგენელთა დამოკიდებულებაც. კონსტანტინე გამსახურდია „იმდროინდელი საქართველოს უდიდეს პოეტს“ უწოდებდა და, იმავდროულად, შამილის წინააღმდეგ ბრძოლის გამო მკაცრად აკრიტიკებდა. არსებითად, იგივე ქვეტექსტი იკითხება მურმან ლებანიძის სტრიქონში: „ორბელიანის ღენერლობაც გვახსოვს, გრიგოლის“…
ყველაზე საინტერესო კი ილია ჭავჭავაძის აზრი და დამოკიდებულებაა. „მამათა და შვილთა“ ცნობილ ბრძოლაში ისინი უკიდურესად დაპირისპირებულნი იყვნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ილიას გრიგოლ ორბელიანის ღვაწლის შეფასებაში. ამის დასტურია სიტყვა, რომელიც მან გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქვა.
„მშვიდობით, ჩვენო სასიქადულო მამულის-შვილო, ჩვენო სახელოვანო ქართველო, ჩვენო დიდებულო მწერალო,“ – ამ სიტყვებით გამოეთხოვა ილია გრიგოლ ორბელიანს.
და, მართლაც, რაგინდ მრავალი წელი და საუკუნეც გავიდეს, ქართველი კაცი გულგრილად ვერასოდეს წაიკითხავს თუ მოისმენს გრიგოლ ორბელიანის პოემა „სადღეგრძელოს“, დიდებულ ლექსს – „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გამომხატველ სტრიქონს: „სხვა საქართველო სად არი“?.. ვერასოდეს დაივიწყებს მის გაფრთხილებას: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“…
დღეს სიმბოლურად და ახდენილადაც კი ჟღერს გრიგოლ ორბელიანის ნატვრა: „შენი ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“…