კინო და ტელეოპერატორების ფესტივალი „ოქროს თვალი“ იწყება – „კვირა“ პროექტის ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერია
კინო და ტელეოპერატორების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ იწყება. ფესტივალი 16-18 ოქტომბერს „Tbilisi Event Hall“-ში ჩატარდება. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ კი ღონისძიების ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერია.
„ოქროს თვალი“ კინო და ტელეოპერატორების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია. პროექტი ეკუთვნის ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდს (IFIT), რომლის დამფუძნებელია ზურა გეგენავა, აღმასრულებელი დირექტორი კი ლევან კაცაძე.
როგორც „კვირას“ ლევან კაცაძემ განუცხადა, პროექტის მიზანია ოპერატორებს და ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს მოტივაცია მისცეს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას.
„ეს ადამიანები ყოველთვის დგანან კადრს მიღმა და ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, თუმცა რასაც ტელეკრანებზე ვხედავთ, ეს არის მათი ხედვა. ეს არის მათი თვალით დანახული და აღქმული. 2009 წელს დაარსდა ფესტივალი და წელს მეოთხედ ჩატარდება. იგი ყოველ მომდევნო წელს სხვადასხვა და ახალ ქვეყნებს მოიცავს “, – აღნიშნა კაცაძემ.
ფესტივალის სტუმარები კი აღნიშნავენ, რომ „ოქროს თვალი“ უნიკალური ღონისძიებაა და მთლიანად საოპერატორო საქმიანობას ეძღვნება.
„ოქროს თვალი“ 2014 საერთაშორისო კონკურსია და 29 ქვეყანას აერთიანებს – საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, სინგაპურს, სერბეთს, უკრაინას, ბელგიას, აშშ-ს, ესპანეთს, მაკედონიას, ეთიოპიას, ინგლისს, მოლდოვას, ჩეხეთს, იტალიას, პორტუგალიას, ირანს, მალაიზიას, კოლუმბიას, ხორვატიას, ესტონეთს, დანიას, რუმინეთს, ინდოეთს, ავსტრიას, რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთს.
სელექციის ჟიურიმ საკონკურსო ნომინაციებზე სამ-სამი ნომინანტი უკვე შეარჩია. გამარჯვებულებს ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე საერთაშორისო ჟიური გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში – საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი; საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი; სარისკო კადრი; საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი;
გაიმართება სელექციის შედეგად გადარჩეული საკონკურსო ნამუშევრების ღია ჩვენება.
გარდა ამისა, კონკურსის მონაწილეებისთვის მოსალოდნელია სურპრიზი. ჟიურიმ, შესაძლოა, ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს – გრან-პრი – „ოქროს თვალის“ გაცემის გადაწყვეტილება მიიღოს.
ფესტივალ „ოქროს თვალის“ საერთაშორისო ჟიურის წევრები საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და აშშ – ს წარმომადგენლები არიან. საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია. წევრები კი არიან: ამერიკის კინოაკადემიის („ოსკარის)“ წევრი აშშ-დან ჰირო ნარიტა, მსოფლიო ტელეოპერატორთა გილდიის ვიცე – პრეზიდენტი ჯონ ჰენშალი დიდი ბრიტანეთიდან, და კინოფესტივალების ორგანიზატორი მაქს მასტრონი იტალიიდან.
ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებით: 16-18 ოქტომბერს ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სამაუწყებლო ტექნიკის 1-ლი საერთაშორისო გამოფენა, რომლეშიც მონაწილეობენ ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები – Sony,Canon, Avid, Innovator, Broadview, Evertz, Fujifilm, Lawo, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell, JVC. ამასთან, აღნიშნულია კომპანიები პრეზენტაციებს და სემინარებს გამართავენ.
გამოფენაში ასევე მონაწილეობს ქართული სისტემური ინტეგრატორი კომპანია „ინოვატორი“, რომელიც გთავაზობთ შეხვედრის დაგეგმვას უშუალოდ აღნიშნულ მწარმოებელ კომპანიებთან. კომპანია “ინოვატორი” სხვა პრიზებთან ერთად გაათამაშებს „სონის“ 2 პროფესიონალურ Full HD კამერას: SONY HXR MC 1500P.
გათამაშებაში მონაწილეობის პირობები კი ასეთია:
1. აუცილებელია დარეგისტრირდეთ კომპანია “ინოვატორის” სტენდზე 16 ოქტომბრის 15:00 საათამდე, სადაც მიიღებთ გათამაშების ბილეთს.
2. 16 და 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე გათამაშების შედეგად გამოვლინდებიან იღბლიანი გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცემათ „სონის“ კამერა SONY HXR MC 1500P.
ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის გამოფენა რეგიონის მასშტაბით არ არსებობს და ის რეგიონში ერთადერთია.
ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს წაიკითხავენ საერთაშორისო დონის ექსპერტები: ჰირო ნარიტა – კინემატოგრაფი, რეჟისორი, რომელიც თანამშრომლობდა მარტინ სკორსეზესთან, ფრენსის ფორდ კოპოლასთან. ასევე არის ამერიკის კინოაკადემიის (ოსკარის) წევრი და 3 გზის ნომინირებულია ემის ჯილდოზე. ჯონ ჰენშალი – დამდგმელი ოპერატორი, ფოტოგრაფი, ტელეოპერატორების გილდიის ვიცე -პრეზიდენტი; ბილ ჰოლშეფნიკოვი – ემის ჯილდოს მფლობელი, დამდგმელი ოპერატორი, განათების დიზაინერი, ბოლო 25 წლის მანძილზე თანამშრომლობდა ნეშენალ ჯეოგრაფიკთან, მერსედეს ბენცთან, რიც კარლტონთან, მარიოტთან;
კინო და ტელეოპერატორების მე-4 საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს თვალის“ პროგრამა:
16 ოქტომბერი
10:00 – რეგისტრაცია
11:00 – ფესტივალის და გამოფენის ოფიციალური გახსნა
11:00 – 18:00 – ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, მასტერკლაები, სემინარები, საკონკურსო ნამუშევრების ღია ჩვენება:
16:00 – გათამაშების შედეგად გამარჯვებულების გამოვლენა.
17 ოქტომბერი
10:00 – 18:00 – ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, მასტერკლაები, სემინარები, საკონკურსო ნამუშევრების ღია ჩვენება.
16:00 – გათამაშების შედეგად გამარჯვებულების გამოვლენა.
18 ოქტომბერი
12 :00 – ფესტივალის დახურვა.
20:00 – გამარჯვებულების გამოვლენის საზეიმო ცერემონია, ფესტივალის დახურვა.
ფესტივალის „ოქროს თვალი“ პარტნიორია კომპანია Sony, გენერალური სპონსორი კი კომპანია Canon-ი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებალია ”ოქროს თვალის” ოფიციალური ვებგვერდიდან: www.goldeneye.ge.