სახელოვნებო სკოლებს საჯარო სკოლების ფართებით სარგებლობის უფლება მიეცემათ
თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ მუნიციპალური ხელოვნების სკოლების უძრავი ქონებით უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გამართა. მერიის ცნობით, შეხვედრას ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფართებს, რომლებიც საჯარო სკოლების შენობაში ხელოვნების სკოლებისთვისაა გამოყოფილი, ეკონომიკის სამინისტრო საკუთრებაში მერიას გადასცემს, შესაბამისად, სახელოვნებო სკოლებს ამ ფართებით სარგებლობის უფლება მიეცემათ. მერიის ბალანსზე გადავა, ასევე, ცალკე არსებული შენობები, სადაც სახელოვნებო სკოლებია განთავსებული.
გარდა ამისა, 61-ე და 128-ე საჯარო სკოლებში განთავსებულ სახელოვნებო სკოლებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რადგან 61-ე სკოლა ავარიულობის გამო დემონტაჟს ექვემდებარება, 128-ე სკოლაში კი მოსწავლეთა დიდი ნაკადის გამო სახელოვნებო სკოლებისათვის ფართის გამოყოფა ვერ ხერხდება.