გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

2024 წლის 11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან” მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

“თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების  დარღვევების შედეგად ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა; ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელების ფაქტი, რაც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებით.

ლაშა დარსალიას განცხადებით, მიუხედავად საბჭოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის არაერთი მოწოდებისა, საოკუპაციო ძალა კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო მექანიზმებს კვლავ არ აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ბულგარეთის, იაპონიის, ლუქსემბურგისა და  ფინეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

დოკუმენტს მხარი საბჭოს 24 წევრმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია.

11 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში, პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებების შესაბამისად, რეზოლუციაში საუბარია  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე რუსეთის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობის შესახებ

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ადამიანის უფლებათა საბჭო  სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუციაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის შეზღუდვის თაობაზე.

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.

რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმულია ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) როლი.

მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს საბჭოს მომდევნო – 58-ე და 59-ე სესიებზე რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას ავალებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები