მამუკა მდინარაძე – „გორბის“ კვლევაზე: სამი სხვადასხვა კვლევით ვამოწმებთ ხოლმე ამ კვლევას და ყველაზე კონსერვატიული და პესიმისტური გათვლებით, 55%-ს ბოლო პერიოდის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ ჩამოცდენილა
„ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.
„ჩვენ მინიმუმ, სამი სხვადასხვა კვლევით ვამოწმებთ ხოლმე ამ კვლევას – სატელეფონო, სოციალური ქსელის საშუალებით, ქუჩაში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით და ყველაზე კონსერვატიული და პესიმისტური გათვლებით, 55%-ს ბოლო პერიოდის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ ჩამოცდენილა. ეს ფარგლები მერყეობს დაახლოებით 55-56-დან 63-64-მდე. ერთი ციფრიც ძალიან მაღალია და მეორეც ძალიან დაბალი. ამიტომ როდესაც სადღაც შუაში მოდის ხოლმე კვლევა, ამ მონაცემებთან შედარებით, ალოკაციის ყველაზე კონსერვატიული მეთოდით არც ერთი კვლევა 56%-ზე ქვევით არ ჩამოსულა. პირდაპირი გამოკითხვის დროს ალოკაციის გარეშე, 4-იანი „ქართული ოცნების“ რეიტინგში, წინ არ იწერებოდა, ანუ 40%-ზე ზევით არ იყო ხოლმე. ახლა კი ფიქსირდება პირდაპირ.
ალოკაციის გარეშე 35, 34, 38, 32 როცა ფიქსირდებოდა ხოლმე, შემდეგ ალოკაციით შედეგები გახსოვთ, იყო 47, 48. დიდ ქალაქებში, ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით, ოდნავ ნაკლები მხარდაჭერა გვქონდა, ვიდრე მთლიანად საშუალოდ მთელ საქართველოზე, 4-იანი ალოკაციის გარეშე მონაცემებში არ დაფიქსირებულა. ყველგან 40-ზე მეტია ალოკაციის გარეშე. ისინი კი [ოპოზიცია] თავის რაღაც კვლევებში 30-ის ფარგლებში დებენ ხოლმე ალოკაციით. წარმოიდგინეთ, რამხელა სიყალბესთან გვაქვს საქმე. ეს ხომ მარტივი ციფრებია.
გუშინ „იმედის“ ლინკი ჩაუშვეს საკუთარ აქტივში, ჩამოჰყვეთ რომ „დაჰაჰავებას“, იქ არიან ლიდერებიც და ყველა, იქაც 62%-ია მონაცემი, მოწონების და ვითომ დაცინვის. ახლაც დაახლოებით ეს მონაცემი იქნება. შეიძლება, ხელახლა ჩაუშვან, შევცვალოთ ეს მონაცემიო. პირველივე წამებზე ე.წ. „დაჰაჰავება“ ასწრებდა იმიტომ, რომ პარტიულ ჩათებში იყო ჩაშვებული და ასობით ადამიანი იჯდა და ამით იყო დაკავებული, ვითომ სერიოზული ხალხი რომ ჰგონიათ თავისი თავი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.