როგორ დაეხმარა ქუჩის კატა ნარკოტიკებისგან გათავისუფლებაში — ისტორია ჯეიმს ბოუენზე და კატაზე, სახელად ბობი

სანამ ბობისა და ჯეიმსის საოცარ ამბავს გაგაცნობთ, ცოტას ჯეიმსზეც მოგიყვებით.

ჯეიმს ბოუენი ინგლისში, სარის საგრაფოში 1979 წლის 15 მარტს დაიბადა. მშობლების განქორწინების შემდეგ იგი დედასთან ერთად ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად. იმის გამო, რომ ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, ბოუენი იშვიათად მეგობრობდა თანატოლებთან. სკოლაში მას აბუჩად იგდებდნენ. მოგვიანებით, საშუალო სკოლის მეორე კურსზე ყოფნისას სწავლა მიატოვა.

1997 წელს, 17 წლის ასაკში იგი გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა. ლონდონში თავის ნახევარ დასთან და მის მეუღლესთან ათევდა ღამეს. ბენდი შეკრა და ცდილობდა, საკუთარი თავისგან მუსიკოსი წარმატებული გამოეძერწა, თან ცოტა ფულიც გამოემუშავებინა, მაგრამ ბენდშიც და ოჯახშიც დაძაბულობამ იჩინა თავი. ჯეიმსის სასიმღერო კარიერა ჩამოიშალა, ბენდის წევრები კი, დაიშალნენ.

მალე ჯეიმსმა ქუჩაში აღმოჩნდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბოუენს ან ქუჩებში ეძინა, ან თავშესაფრებში რჩებოდა. მალე ჰეროინის მოხმარებაც დაიწყო.


ერთ საღამოს ახალგაზრდა მამაკაცი შინ დაბრუნდა და საცხოვრებელი შენობის დერეფანში კატა იპოვა. ივარაუდა, რომ ის სხვა მაცხოვრებელს ეკუთვნოდა და ცხოველი, უბრალოდ, საკუთარ ბინაში დაბრუნდა. როდესაც კატა მეორე და მესამე დღესაც იქ დახვდა, ბოუენი შეშფოთდა და აღმოაჩინა, რომ ცხოველს არც საყელო ჰქონდა და არც სხვა რაიმე მიმანიშნებელი, თუ ვინ იყო მისი პატრონი. კატა ძალიან გამხდარიყო, არაჯანსაღი ბეწვი ჰქონდა, სახეზე ნაკაწრები და ფეხზე ინფიცირებული ჭრილობა მოუჩანდა. ბოუენმა სხვა მაცხოვრებლებთან გადაამოწმა, ეკუთვნოდა თუ არა ის რომელიმე მათგანს და როცა მფლობელობაზე პრეტენზია არავინ წამოაყენა, ჯეიმსმა კატის დახმარება გადაწყვიტა.

ბოუენმა კატა ახლომდებარე ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანა, სადაც ინფიცირებული ჭრილობის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები შეიძინა. ანტიბიოტიკების გადასახდელად მან ბოლო ოცი ფუნტი დახარჯა, რომელსაც საკვებისთვის აგროვებდა. იმაში დასარწმუნებლად, რომ კატამ მედიკამენტების სრული ორკვირიანი კურსი მიიღო, ბოუენმა ის გარკვეული დროით სახლში დაიტოვა, თავად კი, მაწანწალა კატის პატრონის ძებნა განაგრძო. როდესაც მიხვდა, რომ პატრონი კატის პოვნით დაინტერესებული არ იყო, ცხოველი ქუჩაში გაუშვა იმ იმედით, რომ შინისკენ თავად გაიკვალავდა გზას, თუმცა, მისდა გასაოცრად, მეორე დღეს ჯეიმს კატა გარეთ დახვდა. ამჯერად კატა ბოლომდე გაჰყვა მამაკაცს იქ, სადაც მიდიოდა. შინაც მასთან ერთად დაბრუნდა. მერე ავტობუსშიც ავიდა და ჯეიმსთან ერთად იმგზავრა. სხვა გზა არ იყო. ჯეიმსმა კატა დაიტოვა და სახელად ბობი დაარქვა.

იმის გამო, რომ ბობი გამუდმებით დაჰყვებოდა ბოუენს, ახალმა პატრონმა მას უსაფრთხოებისთვის საჭირო აღკაზმულობა უყიდა. საზოგადოების რეაქცია მათი დანახვისას დადებითი იყო. წყვილი ადგილობრივ დონეზე საკმაოდ ცნობილი გახდა, შემდეგ კი, მათი პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზარდა.

საზოგადოებამ YouTube-ზე დაიწყო ბოუენისა და ბობის ვიდეოების ატვირთვა. ამ დროის განმავლობაში, ჯეიმსმა ნარკოტიკებზე უარი თქვა და თავისი ცხოვრების ახალი მეგობრისთვის მიძღვნა გადაწყვიტა.

„ის მოვიდა და დახმარება მთხოვა. ეს მე უფრო მჭირდებოდა, ვიდრე — მას. ბობი არის ის, რისთვისაც ყოველდღე ვიღვიძებ. მან უდავოდ სწორი მიმართულება მომცა,“ – ამბობდა ჯეიმს ბოუენი.

მათმა ამბავმა, საბოლოოდ, ლიტერატურულ აგენტამდეც მიაღწია, რის შედეგადაც, ჯეიმს ბოუენის ავტორობით,  2012 წელს გამოქვეყნდა წიგნი — „ქუჩის კატა, სახელად ბობი“. წიგნი საერთაშორისო ბესტსელერი გახდა და მრავალ ენაზე ითარგმნა. ჯეიმსმა კიდევ გააგრძელა წერა ბობისა და მისი თანაცხოვრების შესახებ.

2016 წელს მათი ისტორია ამავე სახელწოდების ფილმადაც იქცა.

სამწუხაროდ, ბობი 2020 წელს დაიღუპა. რაც შეეხება ჯეიმსს, მან არათუ დაძლია ნარკოდამოკიდებულება, არამედ გახდა მწერალი და დღეს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით, უსახლკარო ცხოველებზე ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები