ნაჭყებია ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას მოუწოდებს, სახიფათო თამაშს თავი დაანებონ

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, „თავისუფალ თაობასა“ და „თავისუფალ ზონას“ შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მანანა ნაჭყებიას განცხადებით, მოქმედი და წინა სახელისუფლებო გუნდები დღეს ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ. მისი თქმით, „თავისუფალი თაობა“ დღევანდელი ხელისუფლების, „თავისუფალი ზონა“ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით შეიქმნა. ნაჭყებიას განცხადებით, ამ ორი ორგანიზაციის წყალობით ისინი დღეს ახალგაზრდა თაობის ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობენ. „საქართველოში ახალი თაობის ერთმანეთთან დაპირისპირება მზადდება, რომლის უკანაც პოლიტიკური ძალები დგანან. არავინ დაიჯერებს, რომ ეს ორი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებლად შეიქმნა და მათ უკან პოლიტიკური ძალები არ დგანან. ასეთ სახიფათო თამაშებში ახალგაზრდობის ჩართვა ძალიან მიუღებელია. ათასი უბედურება გადაგვიტანია, მაგრამ ასეთი შეშფოთებული არასდროს ვყოფილვარ, რაც დღეს ხდება. ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას მოვუწოდებ, სახიფათო თამაშებს თავი დაანებონ“, – აღნიშნა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში. „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი „თავისუფალი თაობის“ მოთხოვნასაც გამოეხმაურა „თავისუფალი ზონის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით და ღნიშნა, რომ ეს არადემოკრატიული მოთხოვნაა. „თავისუფალმა თაობამ“ და ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ „თავისუფალ ზონასაც“ და ყველა სხვა ორგანიზაციას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ვიღაცის სურვილი, რომ ორგანიზაციამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს, აბსულუტურად შეუთავსებელია დემოკრატიასთან. პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებ, თამაშებს და ამ თამაშებში ახალგაზრდების ჩართულობას თავი დაანებოს“ – აღნიშნა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები