„დარწმუნებული ვარ ყველა იმ კითხვას, რაც რეზოლუციაშია გამოთქმული, დამაჯერებელი პასუხი გაეცემა“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა იმ წუხილზე რაც რეზოლუციაშია გამოთქმული დამაჯერებელი პასუხი გაეცემა.
„დარწმუნებული ვარ, ყველა იმ კითხვაზე და წუხილზე, რაც რეზოლუციაშია გამოთქმული, დამაჯერებელი პასუხი იქნება გაცემული, დამაჯერებელი პასუხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და არა მათთვის, ვინც ცდილობს ახლა ამ რეზულუციას ამოეფაროს და რაიმეთი საკუთარი შეცდომები წარსულში გაამართლოს. ეს რეზოლუცია ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ იმუშაოს უკეთ და არ ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლება იყო კარგი, პირიქით არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღების საკითხები. რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა. დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს.
რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს (მთავრობასა და პრეზიდენტს) შორის დაპირისპირებაზეა საუბარი.