იუსტიციის მინისტრმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. იუსტიციის მინისტრმა და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს.
მინისტრი და მისი მოადგილე თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაქ ობამას სპეციალურ მრჩეველს ევროპის საკითხებში ჩარლზ კუპჩანს შეხვდნენ; მოგვიანებით კი, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე ნაქეროლ პერესთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტომ მალინოვსკისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებსა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელიასთან.
მინისტრის განცხადებით, ყველა შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები იყო, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას უწყობს ხელს; ძლიერი დემოკრატიული სისტემის შექმნა საქართველოში, სადაც მოქალაქე თავისუფალია, მედია არ არის კონტროლის ქვეშ, სასამართლო არის დამოუკიდებელი და ნდობით აღჭურვილი, ადამიანის უფლებები კი − დაცული, არის გარე საფრთხეებისგან თავის დაცვის საუკეთესო მექანიზმი.
“საქართველოს მთავრობა თავჩახრილი მუშაობს ასეთი სისტემის შექმნაზე და ამას აკეთებს ისე, რომ არ ყვირის”, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეხვედრებისას.
მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოს შექმნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამაზე ვაშინგტონში ყველა თანხმდება. იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა; მონაწილეობა მიიღო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ გლობალური ალიანსის მინისტერიალში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები