მეთიუ მილერმა ისრაელის გადაწყვეტილებას გაეროს გენერალური მდივნის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თაობაზე „არაპროდუქტიული“ უწოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ეწინააღმდეგება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არაპროდუქტიულია.

„მსგავსი ნაბიჯები არ არის პროდუქტიული [ისრაელის] პოზიციის გასაუმჯობესებლად მსოფლიოში. გაერო წარმოუდგენლად მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებს ღაზაში. ის წარმოუდგენლად მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს რეგიონში. და გაეროს, როდესაც ის საუკეთესოდ მოქმედებს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა გუტერეშის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ვერ შეძლო „ერთმნიშვნელოვნად დაეგმო“ ირანის მასირებული შეტევა ისრაელზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები