გია მამალაძე: დაუშვებლად მიგვაჩნია მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს, აშშ-ის წინააღმდეგ არამეგობრული, ზოგჯერ მტრული ნარატივების კულტივირება

რა არის საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, რომელმა პოლიტძალებმა გამოიწვიეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ფაქტობრივი, ცივი ომის პირობები და გამოსავალი არჩევნების შემდგომი შესაძლო კრიზისიდან –  ამ საკითხებთან დაკავშირებით „ქართველთა ერთობის“ (ქართველ ნაციონალისტთა ერთობის) ლიდერი გაიოზ (გია) მამალაძე ინტერვიუში საუბრობს.

–         ბატონო გია. ახლოვდება 26 ოქტომბრის არჩევნები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა საბედისწეროც კი აღმოჩნდეს.  მატულობს და ზღვარს უახლოვდება დაძაბულობა პოლიტიკურ აქტორებს შორის. ერთის მხრივ ხელისუფლება და მეორეს მხრივ ოპოზიცია სულ უფრო აძლიერებენ რადიკალურ რიტორიკას, რაც ამწვავებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, სადაც სულაც არ არის ერთმნიშვნელოვანი განწყობები ერთი ან მეორე ნარატივის მიმართ, – როგორც ეს პოლარიზაციის პირობებში მხარეებს სურთ წარმოადგინო.

                 თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია ზომიერი, მეტისმეტი რადიკალიზმისგან თავისუფალი პოზიცია, რიტორიკა და ნარატივი დღევანდელ საქართველოში?

„რადიკალიზმში“ ვგულისხმობ  ექსტრემალურ მიდგომებს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში და განსაკუთრებით, დასავლელ პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან 33 წლოვანი ურთიერთობის მთელი არქიტექტურის დანგრევას, რაც არა მხოლოდ ერთი რომელიმე დაპირისპირებული მხარის პასუხისმგებლობაა ჩვენი აზრით.

–         მე მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა დღეს საკვანძო საკითხი.

პოლარიზაციის შეწყვეტა, დაპირისპირების არდაშვება, პოლიტიკური ბრძოლის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანა ყველაზე აუცილებელია.

საქმე ის გახლავთ, რომ რადიკალიზმის, პოლარიზაცის, შურიგებლობის და საქართველოს სახელმწიფოებრივი კურსის კარდინალური ნგრევის ვითარების გამო შეიძლება მწვავე კრიზისი მივიღოთ, შეიძლება უმართავი პროცესებიც, შეიძლება ინტერვენციაც.

ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა, ჩვენი საარჩევნო კლუბი, ქართველთა ერთობა, რომელიც არის შემოკლებული, საარჩევნო სახელი ქართველ ნაციონალისტთა ერთობისა, არა მხოლოდ დეკლარირებს ერთობას, არამედ დღენიადაგ ვმუშაობთ, ვიბრძვით საიმისოდ, რათა რადიკალური ნარატივები შესუსტდეს, მეორე პლანზე გადაიწიოს, ხოლო მეინსტრიმულად იქცეს არაპათოლოგიური, დინჯი, საზრისით სავსე დისკუსია ქვეყნის მომავალზე, ეროვნული ერთიანობის მიღწევაზე, თუნდაც პოლიტიკურ ძალთა „მორიგებაზე“, თუკი მათი „შერიგება“ ამჟამად  შეუძლებელია. თუ პოლიტიკურ ძალთა არა, მაშინ, მათ მომხრეებს, მათ ამომრჩევლებს შორის მაინც.

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ძალებს, უკვე ტრადიციულად, კომპრომისის კულტურის ნაკლებობა ახასიათებთ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ მანკს უნდა შევურიგდეთ და არაფერი ვიღონოთ „კომპრომისის კულტურის“ უძვირფასესი ჩვევის განსავითარებლად, რაც კაცობრიობის ისტორიაში უამრავი ერისა და ქვეყნისთვის ქცეულა განვითარების, პროგრესის, გაძლიერების და აყვავების „აღმძრავ მექანიზმად“

აქვე ვიტყვი, რომ სწორედაც დაუშვებლად მიგვაჩნია მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ არამეგობრული, ზოგჯერ მტრული ნარატივების კულტივირება, რაც არა იმდენად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, არამედ ჩვენს სახელმწიფოს აზიანებს. თანაც აზიანებს სტრატეგიულად.

ჩემი აზრით, ამისთვისაც პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება და არა მხოლოდ ერთ რომელიმე მხარეს შიდა-ქართული პოლიტიკური დისკურსისას, რადგან ფუნდამენტურად, სისტემურად არასწორია ამერიკასთან ურთიერთობის ქცევა საქართველოში პოლიტიკური და პარტიული ბრძოლის ფაქტორად თუ „არგუმენტად“.

ამით ქვეყანა ზიანდება და არა მხოლოდ ხელისუფლება ან ოპოზიცია.

პატრიოტიზმი დღეს სწორედაც ქვეყნის სახელმწიფოებრივი კურსის შენარჩუნებისთვის და ეროვნული თანხმობისთვის გონივრული, საზრიანი, პრინციპული და შეუვალი ბრძოლაა.

–         რომელმა პოლიტძალებმა გამოიწვიეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ფაქტობრივი, ცივი ომის დაწყება?

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს  სტრატეგიული მოკავშირეა და ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის ყველა ადმინისტრაციას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში 1990-1991 წლიდან დაწყებული.

აღსანიშნავია, რომ ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი ლიდერები, ზვიად განსახურდია და მერაბ კოსტავა იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენ, პაწაწინა და სუსტ ქვეყანას, ოკუპირებული ტეროტორიებითა და თანამედროვე ვითარებისთვის, ფაქტობრივად შეუიარააღებელი ჯარის პატრონ ხალხს, სუსტი ეკონომიკის ქვეყანას აუცილებლად სჭირდება მოკავშირე, აუცილებლად…

ჩვენი ორგანიზაცია, ქართველ ნაციონალისტთა ერთობა,  ქართველთა ერთობა, რომელიც საარჩევნო სუბიექტია (# 27), გვინდა ვაქციოთ ისეთივე საარჩევნო და მსოფლმხედველობრივ მოძრაობად, როგორც ამერიკაში არსებული პარტიებია, – დემოკრატებისა და რესპუბლიკელების, რომლებიც დემოკრატიული და თავისუფალი ორგანიზაციებია და არა პოსტსაბჭოური ტიპის პარტიები. ამ არჩევნებისთვის შევქმენით, ფაქტობრივი, საარჩევნო კლუბი, შემოვიკრიბეთ რამდენიმე ორგანიზაცია და არაპარტიული, ნიჭიერი, პატიოსანი და ქვეყნის გაერთოანების პროექტების ავტორი ადამიანები.

არადა, სწორედ პოსტსაბჭოუირი ყაიდის პარტიები  აფერხებენ ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციას, სტრატეგიულ პარტნიორებისადმი ხალხის დადებითი განწყობის და ქვეყნის განვითარებას.

მათ წრეში, სამწუხაროდ, ჭარბობს ბელადომანია, ფიურერიზმი, „ქარიზმატული ლიდერის“ პათოლოგიური მოთხოვნა.

შესაბამისად, გავლენის მოპოვებას ცდილობენ  ოლიგარქიულ „ავტორიტეტებს“ მიკედლებული, შინაარსით და თვისებრიობით ავტორიტარული არადემოკრატიული პარტიები.

ასეთებს განეკუთვნებიან  დღევანდელი ხელისუფლება და ხელისუფლების ვითომდა ოპონენტები, რეკლამირებული ოპოზიციური პარტიები, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ფული დააგროვეს ხელისუფლებაში ყოფნისას, იმ ფულით შექმნეს მედია-ორგანიზაციები, იმავე რესუსრებით ტივტივებენ პოლიტიკურ ველზე და  ხალხი, მოსახლეობა დაანაწილეს, დაქსაქსეს   „მომხრეებად“ და მოწინააღმდეგეებად; ამით ქვეყანა მიიყვანეს სიძულვილის უკიდურეს ზღვრამდე.

ოპოზიციად წოდებული რეკლამირებული პოლიტიკური პარტიები (წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გავლენის სფეროები), მათი მხრიდან საეჭვო ფულით შექმნილი მედია საშუალებები, ასევე სახელისუფლებო მედია, ასევე ის „თავისუფალი“ მედია საშუალებები, რომლებსაც სინამდვილეში არსებული ხელისუფლება აკონტროლებს, უკვე წლებია, ყველანაირად ბლოკავენ რეალურად თავისუფალ დემოკრატიულ სიტყვას საქართველოში;

შესაბამისად ორივე მხარის „მედია“ ემსახურება ხალხის გახლეჩვას და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას.

არც ერთი მხარე თავის საეთერო დროს არ უთმობს განსხვავებულ აზრს, თითქოს, ამ ორ მხარის გარდა არ არსებობდეს სხვა.

სახელისუფლებო მედია, სამწუხაროდ, ხშირად გაუცნობიერებლად, მუშაობს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისგან მტრის ხატის შესაქმნელად;  საქართველოს ერთგული  მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები გამოცხადებული ჰყავთ „გლობალური ომის პარტიად“, რომელსაც თითქოს უნდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა, „მეორე ფრონტის“ გახსნა.

მეორეს მხრივ, „რეკლამირებული ოპოზიციური პარტიების“, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კონტროლირებად მედიაშიც, ეთერს არავის აკარებენ, ვინც კონსტრუქციული აზრის გამოთქმას შეეცდება, ვინც ცდილობს დაძაბულობის დაცხრომას პოლიტიკურ ველზე.

სწორედაც ამ ნეგატიური ფენომენის ანუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის ბრალია, რომ დასავლეთის იმიჯი შეილახა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან, ძალიან უპატივცემლოდ ექცეოდნენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ტრადიციებს და ამ უპატივცემლობას თუ მსგავს უგვან იდეოლოგიას აიგივებდნენ დასავლეთთან.

–         ამერიკის შეერთებულ შატტებთან და დასავლეთთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებისას. რა „რეპერული წერტილები“ შეიძლება დაასახელოთ ამ პროცესში?

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ო’ბრაიანის ვიზიტისას, მან, როგორც ამერიკის მთავრობის წარმოგზავნილმა, სთხოვა ორივე მხარეს, ანტიდემოკრატიული „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის კიდევ ერთხელ განხილვა, ზოგიერთი მუხლის შეცვლა და მისი გადემოკრატიულება, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდგომი განხილვისას.

მოქმედი  ხელისუფლების პრემიერმა, ი. კობახიძემ უპასუხა, რომ თუ ვეტოს დადების დროს იქნება არგუმენტები, მათ განვიხილავთო.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, პრეზიდენტს და „რეკლამირებულ ოპოზიციას“ შეესრულებინათ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის ადმინისტრაციის თხოვნა, რათა დაძაბულობა განეიტრალებულიყო. ვეტოში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო არგუმენტები აღნიშნული კანონის არადემოკრატიულობისა (მაგალითად, მე-2, მე-4 და მე-8 მუხლებისა), რათა მათი განხილვა მომხდარიყო ამერიკის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, „რეკლამირებულ ოპოზიციასთან“ შეთანხმებით, ვეტოს დადების დროს არგუმენტები არ წარადგინა;

იყო  მხოლოდ განცხადება, რომ აღნიშნული კანონი არის „რუსული“.

სწორედ ეს სურდა ხელისუფლებასაც, ან სიჯიუტემ სძლია რეალობას მათ ქმედებაში, და მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, შეგვხვედროდა, განგვეხილა კრიზისიდან გამოსვლის გზები და შეგვეცვალა აღნიშნული კანონის არადემოკრატიული მუხლები, ისარგებლა „რეკლამირებული ოპოზიციის“ მიდგომებით, სერიოზული არგუმენტების არარსებობით  და აღნიშნული არადემოკრატიული კანონი ძალაში დატოვა ვეტოს დაძლევისას.

ხელისუფლებამ, რომელმაც არ შეასრულა მეგობარი ამერიკის თხოვნა,  მიზანს მიაღწია: შექმნა ავტორიტარული კანონი, დაუპირისპირდა სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, – ვითომდაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.

„რეკლამირებულმა ოპოზიციამ“, რომელმაც არ შეასრულა მეგობარი ამერიკის თხოვნა, ასევე მიაღწია მეორე თანამდევ, თავის უმთავრეს მიზანს: ხელისუფლება გადაჰკიდა ამერიკას და განაპირობა მთავრობის ზოგიერთი  წევრის დასანქცირება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ისტორიაში და აზიანებს არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არა მხოლოდ კონკრეტულ ხელისუფლებას თუ მთავრობას, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

ფაქტობრივად, ორივემ ერთად, საქართველოს სახელმწიფო (ამ ხელისუფლების პირობებში) ამერიკის შეერთებულ შტატებთან ცივი ომის რეჟიმში გადაიყვანა.

მადლობას ვუხდით ამერიკის ადმინისტრაციას, რომელიც განასხვავებს საქართველოს დე ფაქტო მთავრობას და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს.

მადლობელი ვართ იმისთვისაც, რომ ამერიკის მხრიდან სანქციები ეხება მხოლოდ მთავრობის წევრებს და არა მთელ ხალხს.

ცხადია, ასეც იქნებოდა.

თუმცა, სტრატეგიულ მოკავშირისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ მთავრობის მხრიდან და „რეკლამირებული ოპოზიციის“ პოლიტიკურმა მანევრებმა, სიტუაციის ხელოვნურად და მიზანმიმართულად გამწვავების მცდელობამ, მაინც შექმნა კრიზისი: საქართველოს სახელმწიფოს ჯერ დააკლდა  310 000 000 დოლარის დახმარება, შემდეგ 96 000 000 დოლარის დახმარება, რომელიც ქვეყანს გამოადგებოდა და არც ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები გაიმართა, რაც ძალიან სჭირდება ქართულ არმიას განვითარებისთვის და სხვა.

–         როგორ გესახებათ  გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან?

კრიზისი გრძელდება.

მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, რათა გაიმარჯვოს; სახელისუფლებო  ნარატივის ცენტრალური ფიგურა  „სუვერენიტეტის დაცვაა“. ისევე როგორც  „ტრადიციების დაცვა“ და სხვა, რაც სინამდვილეში ტაქტიკური მანევრია, საარჩევნო სოფისტიკა, ვინაიდან, ტრადიციულად სამართლიანობაა  უმთავრესი ჩვენს ქვეყანაში;

დღეს უსამართლობა სუფევს საქართველოში  როგორც სოციალური, ასევე შრომითი უფლებების დაცვის და სხვა მრავალი   თვალსაზრისით.

ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტ-ძალები აცხადებენ, რომ ელიან საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას და, ზოგი მათგანი კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური კურსის ამოღებზეც კი ფიქრობს.

„რეკლამირებული ოპოზიცია“, ასევე ყოფილი ხელისუფლების განაყოფები, მიუხედავად მცირე პოპულარობისა, მაინც ამბობენ, რომ თითქოს უეჭველად მოიგებენ არჩევნებს და ქვეყანას მოაცილებენ „რუსულ რეჟიმს“.

თუ არჩევნებში ფორმალურად გაიმარჯვებს ამჟამინდელი მმართველი პარტია, შესაძლოა შედეგები საეჭვო იყოს და მსოფლიო თანამეგობრობამ არ სცნოს არჩევნების შედეგები, რაც ღრმა კრიზისს გამოიწვევს.

თუ გაიმარჯვებს „რეკლამირებული ოპოზიცია“, ხელისუფლება აცხადებს, რომ ესაა რუსეთთან „მეორე ფრონტის გახსნის“ დასაწყისი.

ასეთ დროს, სავსებით შესაძლებელია შიდა საზოგადოებრივი დაძაბულობა გამწვავდეს, ზენიტში ავიდეს და დაიწყოს უმართავი პროცესები, სისხლისღვრაც კი, ვინაიდან  ხელისუფლებისადმი, ისე წინა ხელისუფლებისადმი, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში დიდი ზიზღია დაგროვილი.

არ არის გამორიცხული რუსეთის ინტერვენციაც. შესაძლებელია საკმაოდ ხანგრძლივი კრიზისიც და საქართველოს გეოსტრატეგიული ორიენტაციის ცვლა.

ამ სახიფათო, არასასურველ ალბათობათაგან ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს ამ ორ, უკიდურესად დაპირისპირებულ ბანაკს შორის არსებულმა შუა ძალამ, მესამე ძალამ, მესამე პოზიციამ, რომელიც სინამდვილეში არის „პირველი“, პრიორიტეტული  პოზიცია, რაკი საზოგადოების გამთლიანებაზეა ორიენტირებული და საზოგადოებაში, ორ ბანაკს შორის არსებული სიძულვილის დაძლევას ცდილობს;

„მესამე ძალას“ სურს ქვეყანა არ ასცდეს ბუნებრივი განვითარების გზას; უფრო სწორად, დაუბრუნდეს მას. ასევე ცდილობს,  კრიზისი არ შედგეს, არ მოხდეს ინტერვენცია, არ მოხდეს გეოსტრატეგიული ორიენტაციის ცვლა, საქართველოს მომავალ მთავრობასა და დასავლელ მოკავშირეებს შორის არ იყოს ცივი ომის რეჟიმი.

ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია, ისეთი ძალის გამარჯვება, რომელსაც შეუძლია, კავკასიის გეოსტრატეგიულ ცენტრში, საქართველოში, სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნება; კავკასიის, განსაკუთრებით, ჩრდილო კავკასიის  დაპყრობილ ხალხებში ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისადმი სიმპათიის გაღვივება და მათი ჩაბმა პროამერიკულ პოლიტიკაში.

ასეთი ძალა დღეს საქართველოში მხოლოდ ჩვენი საარჩევნო მოძრაობა, საარჩევნო კლუბი და საარჩევნო სუბიექტია, რომელშიც გაერთიანებული არიან არა პარტიული ნიშნით, არამედ სტრატეგიული ერთიანობის განცდით შეკავშირებული ადამიანები, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და ჯგუფებიდან და რომლის სახელწოდებაა – ქართველთა ერთობა!

ჩვენი  დევიზია – გვიყვარდეს ერთმანეთი!”,- განაცხადა მამალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები