დიმიტრი პესკოვი – ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები რუსეთის არაკეთილმოსურნე ქვეყნებისთვის სიგნალი უნდა იყოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები რუსეთის არაკეთილმოსურნე ქვეყნებისთვის სიგნალი უნდა იყოს.

დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ბირთვული დოქტრინის ცვლილებაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა. კერძოდ, როგორც პუტინმა აღნიშნა, ცვლილებები გულისხმობს ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების საპასუხოდ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სუვერენიტეტს „კრიტიკული საფრთხე“ დაემუქრება.

„ეს არის სიგნალი, რომელიც აფრთხილებს არაკეთილმოსურნე ქვეყნებს მოსალოდნელ შედეგებზე, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმაში სხვადასხვა საშუალებით ჩაერთვებიან, არა აუცილებლად ბირთვულით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როდის შევა ცვლილებები რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პუტინის მიერ გამოცხადებულ ცვლილებებს ბირთვული შანტაჟი და დაშინება უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები