სლოვაკეთის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლავროვს შეხვდნენ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურაი ბლანარი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბლანარმა განაცხადა, მოლაპარაკებები რუსული მხარის მოთხოვნით შედგა.

„ჩვენ, პირველ რიგში, ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში სლოვაკეთის ინტერესები განვიხილეთ. ეს ბირთვულ საწვავს, ნავთობსა და გაზს ეხება. სლოვაკეთის ინტერესში შედის არსებული სატრანზიტო კორიდორების შენარჩუნება იმის გათვალისწინებითაც კი, როცა ჩვენ დივერსიფიკაციაზე ვმუშაობთ“, – თქვა ბლანარმა.

ბლანარმა ლავროვთან უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად სამშვიდობო გზებია მოსაძებნი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ლავროვს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო შეხვდა. სიიარტომ ბლანარის მსგავსად რუსეთის პირველ დიპლომატთან უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების ვარიანტები განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები