“წელს CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი” – „თბილისი ენერჯი”

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევები შემცირებულია. ამის შესახებ ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“პიარკამპანია მრავალი წელია მიმდინარეობს. ცივი სეზონის დაწყების წინ, დაახლოებით სექტემბრიდან ჩვენი კომპანია პიარკამპანიას ააქტიურებს. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი თანამშრომლების მუშაობამ დიდი შედეგი გამოიღო, რა თქმა უნდა, მასმედიასთან, ჩვენს აბონენტებთან ერთად. წინა წლებში გარდაცვალების, CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტები ფიქსირდებოდა, შემოწმების შედეგად უამრავი ე.წ. ღია წვის კამერიანი დანადგარი გვხვდებოდა, როგორიცაა წყალგამაცხელებელი, გამათბობელი. ჩვენმა მუშაობამ, პიარკამპანიამ (თავად მოქალაქეებიც აგვყვნენ, გვერდში დაგვიდგნენ) ის შედეგი გამოიღო, რომ უბედური შემთხვევები რადიკალურადაა შემცირებული, თუ წინა წლებში (2017, 2018, 2019 წლებში) ერთ კალენდარულ წელიწადში 20-25 ადამიანის გარდაცვალება ხდებოდა, არასრულ 2024 წელში, ასევე 2023-შიც ეს მცირდება და მცირდება. წელს CO- თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ეს გარდაცვალება კომერციულ ფართშია მომხდარი, ე.წ. ქართულ თონეში, სადაც მისვლის დროს თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული თონის დანადგარი დაგვხვდა, რაც თონეს აცხელებს.
ბოლო პერიოდში უყურადღებობის შედეგად ღიად დატოვებული გაზქურის ონკანები გვხვდება. ბოლო 1 თვეში ასეთი 5 შემთხვევა იყო. ჩვენს საავარიოს 5 შემთხვევა დახვდა, როდესაც მობინადრე წასული იყო ( 3 შემთხვევაში ქალაქიდან იყო გასული, 2 შემთხვევაში სახლიდან იყო გასული) და გაზქურის ონკანი ღიად ჰქონდა დატოვებული, იქიდან გაზი გამოდიოდა. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და გამოგვიძახეს, შეიძლება, დიდი უბედურება დატრიალებულიყო, აფეთქება მომხდარიყო”, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები