გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ავსტრალიის მონაშის, ამერიკის შეერთებული შტატების მეინის და საფრანგეთის უნივერსიტეტების გლაციოლოგებსა და მეცნიერებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, უფროსის მოადგილე თამარ შარაშიძე და სააგენტოს სპეციალისტები ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის გლაციოლოგებს, ამერიკის შეერთებული შტატების მეინის და საფრანგეთის უნივერსიტეტების მეცნიერებს შეხვდნენ. საქართველოში ვიზიტით მყოფ მეცნიერთა დელეგაციას ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი ლევან ტიელიძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს ქვეყნის მასშტაბით მყინვარულ ხეობებში მიმდინარე გლაციალური კვლევების შესახებ ინფორმაცია, სააგენტოში დანერგილი მონიტორინგის მეთოდები, ასევე, საველე-საექსპედიციო და დისტანციური ზონდირების მიმართულებით თანამედროვე მიდგომები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა წამყვანი ქვეყნების კვლევით უნივერსიტეტებთან. მათი გამოცდილება გამოგვადგება მყინვარული პროცესების მონიტორინგსა და შეფასებაში, რადგან კლიმატის ცვლილების ფონზე, კავკასიონზე გლაციალური პროცესები საკმაოდ გააქტიურებულია. თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება მონაცემებისა და ინფორმაციების ურთიერთგაცვლა და მონიტორინგის გაძლიერება“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ, გახშირებულ სტიქიურ გლაციალურ მოვლენებს და საფრთხეების და რისკების შეფასებისთვის თანმიმდევრული კვლევების აუცილებლობას.

მხარეებმა საქართველოს მყინვარებზე მიმდინარე პროცესები, მყინვარული ხეობების მონიტორინგის ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები