მარტო ალასკაზე – რიჩარდ პროენეკეს ისტორია

რიჩარდ პროენეკე არის ადამიანი რომელმაც გადაწყვიტა, დაეტოვებინა თანამედროვე სამყარო და ეცხოვრა სრულ მარტოობაში ალასკაზე, თითქმის, 30 წლის განმავლობაში. მისი ცხოვრება გამძლეობის, თავდაჯერებულობისა და ბუნებასთან ღრმა კავშირის ისტორიაა, რომელიც დღემდე უამრავ ადამიანს შთააგონებს.

რიჩარდ ლუის პროენეკე დაიბადა 1916 წლის 4 მაისს აიოვაში, აშშ-ში. ის დიდი დეპრესიის პერიოდში გაიზარდა, ამიტომ საკმაოდ მკაცრი სამუშაო დისციპლინა ჰქონდა გამომუშავებული, ასევე ფლობდა საჭირო პრაქტიკულ უნარებს, რაც მოგვიანებით გადასარჩენად და თავის გასატანად გამოადგა. პროენეკე მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის საზღვაო ფლოტში მსახურობდა, მაგრამ რევმატული ცხელებით დაინფიცირების შემდეგ სამედიცინო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ომის შემდეგ პროენეკე მექანიკოსად და მძიმე აღჭურვილობის ოპერატორად მუშაობდა. ის ბუნების ნამდვილი მოყვარული და მკვლევარი გახდა. მისი ეს დამოკიდებულება წლების განმავლობაში უფრო ღრმავდებოდა, რის გამოც 50-იან წლებში ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მოკლედ, 1968 წელს, 52 წლის ასაკში, რიჩარდ პროენეკემ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ცივილიზაცია და გამოეცადა ბუნების წიაღში ცხოვრების საკუთარი უნარი. იგი დასახლდა ალასკის „ტყუპი ტბების“ რეგიონში — იქ, სადაც მხოლოდ თვითმფრინავით ან გემით შეგიძლია მისვლა. ის გეგმავდა სრულ იზოლაციაში ცხოვრებას, ეყრდნობოდა მხოლოდ საკუთარ უნარებს და გარშემო არსებულ ბუნებრივ რესურსებს.

პროენეკეს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასპექტი ის გახლავთ, რომ მან თავისი სახლი მთლიანად ხელით ააშენა, მხოლოდ ძირითადი ხელსაწყოების გამოყენებით. ის ჭრიდა ხეებს მორებად ჭრიდა, ავეჯს კი, გარშემო არსებული მასალებისგან ამზადებდა. მისი ოსტატობა გასაოცარი გამოდგა — მამაკაცმა შექმნა კომფორტული და გამძლე სახლი ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ ადგილას.

მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში პროენეკე განმარტოებით ცხოვრობდა. ის ნადირობდა, თევზაობდა და აგროვებდა საჭმელს. ასევე, აწარმოებდა დღიურს მისი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, დოკუმენტურად აღწერდა ყველაფერს, ამინდიდან და ველური ბუნებიდან დაწყებული, იზოლაციაში ცხოვრებითა და ფიქრებით დამთავრებული.

პროენეკე არა მხოლოდ წერდა, არამედ კამერით იღებდა საკუთარ ცხოვრებას. სწორედ ეს ვიდეომასალები გახდა საფუძველი PBS-ის პოპულარული დოკუმენტური ფილმისა  „Alone in the Wilderness“, რომელმაც მაყურებელი მალევე მოხიბლა.

მისი ნაწერები და კადრები გვთავაზობს იმ ადამიანის ცხოვრების იშვიათ მიმოხილვას, რომელმაც მარტო ცხოვრება საკუთარი ნებით აირჩია და თანამედროვე სამყაროსგან თავისივე სურვილით გამოეყო. ბევრისგან განსხვავებით, პროენეკე მარტოხელობით ტკბებოდა.

1999 წელს, 82 წლის ასაკში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროენეკემ დატოვა ბუნების წიაღი და დაბრუნდა ცივილიზაციაში. ის 2003 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები