საქართველოს ავიაბაზარზე BRITISH AIRWAYS შემოდის

2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – ‘’British Airways” შემოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

შედეგად, ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან.

2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია.
‘’British Airways”-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. ‘’British Airways”-ი “American Airlines”-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, ‘’OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა ‘’SkyTeam”-ის და “Star Alliance”-ის შემდეგ.
‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. ‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები