რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი  ქანდაკება ცენტრალური პარკში განთავსდა

რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი კიდევ ერთი სკულპტურა,  რუსთავის ცენტრალურ პარკში განთავსდა.   ამის შესახებ რუსთავის მერიაში განაცხადეს.

მათივე ცნობით, ,,სიყვარული” – ასეთი სახელწოდება აქვს რუსთაველი სკულპტორის, ივანე გულდედავას ნამუშევარს, რომელიც  ნავით მოსეირნე წყვილს განასახიერებს და  თეთრი  ეკლარის ქვაშია შესრულებული.  ქანდაკება,  ქალაქის ცენტრალური პარკის შესასვლელში  ტბასთან დაიდგა, რითაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა  ბუნებრივი ტყე-პარკის ლანდშაფტი.
ქანდაკების პარკში მონტაჟის პროცესს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე,  პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილი,  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაესწრნენ.

,,ჩვენი გუნდის დაპირება იყო, რომ ქალაქში თანაბრად გადავანაწილებთ ყურადღებას და ფინანსებს ყველა იმ სფეროზე, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის არის აუცილებელი.  ვაგრძელებთ მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში წელს შექმნილი ქანდაკებების განთავსებას რუსთავის სხვადასხვა ქუჩებში და ადგილებში. დღეს, უკვე რიგით მეორე ქანდაკება სახელწოდებით – ,,სიყვარული” დავდგით  ცენტრალური პარკის შესასვლელში, რაც ვფიქრობ, რომ საოცრად მოუხდა ამ ადგილს”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ივანე გულდედავას ,,სიყვარული” რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი-2024- ის ფარგლებში შექმნილი 14 ქანდაკებიდან   მეორე სკულპტურაა, რომელიც დღეიდან, რუსთავის ვიზუალურ პორტფოლიოს, კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

,,ჩვენი გუნდისთვის არსებული ტრადიციების დაცვა, ახალი ტრადიციების შექმნა და ძველი მივიწყებული ტრადიციების აღდგენა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ივლისში რუსთავში აღდგა  მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია და სწორედ მის ფარგლებში შეიქმნა რუსთაველი მოქანდაკის ივანე გულდედავას მიერ  სკულპტურა რომელიც დღეს, ყველასთვის საყვარელ ადგილზე – პარკის ცენტრალურ შესასვლელში განთავსდა”, – განაცხადა რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნებიდან” ირაკლი შატაკიშვილმა.

მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია,   რუსთავში, მიმდინარე წლის ივნისი აღდგა და მასში ქართველ ხელოვანებთან ერთად, უცხოელი სკულპტორებიც იღებდნენ მონაწილეობას. სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი დანარჩენი 12 ქანდაკება,  ქალაქის სხვადასხვა უბანში,  ეტაპობრივად განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები