ჩხოროწყუში მოსწავლეებს სკოლის დაწყება მიულოცეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცეს და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ასევე მუნიციპალიტეტის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს.
წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 239 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
სკოლებში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 სკოლა მეორე ცვლაში აგრძელებს სასწავლო პროცესს.
ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. მოსწავლეებს ემსახურება ასევე სასკოლო ტრანსპორტი.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4 ახალი სკოლის მშენებლობა და ერთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენდება 2 საბავშვო ბაღი. მიმდინარე წელს დაიწყება ასევე აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის მშენებლობა.