პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმება საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ აერთიანებს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას.

“ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა, 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.

ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ. ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია ვებგვერდზე”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები