„ილია თანამედროვე პოეზიაში“ – კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაშის მკვლელობის დღეს ყოველწიურად ხორციელდება პროექტი – „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“. პროექტის არსებობის მეორე ათწლეული განახლებული ღონისძიებებით დაიწყო.
ორგანიზატორების – „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდისა“ და საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ თაოსნობით, წელს, 4 ივლისს, გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ილია ჭავჭავაძის შესახებ ახალი პოეტური ნაწარმოებების შექმნას ითვალისწინებდა.
როგორც „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა აღნიშნა,  კონკურსის მიზანი იყო:
– ილიას ფენომენის/არსისა და იდეის აქტუალიზაცია სალიტერატურო და საჯარო სივრცეში;
– ილია ჭავჭავაძის პერსონის და მოღვაწეობის გააზრება და გადააზრება პოლიტკონიუნქტურის გარეშე, თანამედროვე კონტექსტში, ერთიანი ეროვნული და ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე; – ილიას შესახებ ახალი ლიტერატურული/პოეტური ნიმუშების შექმნა და პოპულარიზაცია.
ლიტერატურული კონკურსი „ილია თანამედროვე პოეზიაში“ – თბილისის ცის ქვეშ – დაჯილდოების ცერემონია, 12 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ილიას და აკაკის ძეგლის წინ გაიმართა, რომლის მხარდამჭერი იყო ქალაქ თბილისის მერია.
კონკურსის გამარჯვებულები შეარჩია კულტურისა და ლიტერატურის სფეროს ხუთი წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლექსმცოდნე და ფილოლოგი თამარელა წოწორია, მწერალი და ესეისტი როსტომ ჩხეიძე, მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი სავანელი, ფილოსოფოსი, თეოლოგი და კულტუროლოგი მერაბ ღაღანიძე.
კონკურსის „ილია თანამედროვე პოეზიაში“ გამარჯვებულები, ილიაზე საუკეთესო ლექსების შექმნისთვის გახდნენ: პოეტები ია ხასაია, ჯემალ ინჯია და გია ხოფერია, რომელთაც კონკურსის ოფიციალური დიპლომი, 1000-ლარიანი პრემია და კონკურსის პარტნიორების – „თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა“ და მეღვინეობა „შუმის“ საჩუქრები გადაეცათ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ასევე გამოვლინდა დამატებით სამი ავტორი, რომელთაც ჟიურის სპეციალური დიპლომები გადაეცათ. ლექსში საკონკურსო თემის ორიგინალური გააზრებისთვის დიპლომები მიენიჭათ – დავით შემოქმედელსა და გაგა გოგსაძეს, ხოლო პოეტი ბათუ დანელია დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური დიპლომით ილიას პოეტური ტრადიციის გაგრძელებისათვის ლექსისათვის – „ილიას დღეს“, რომელსაც 500 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცემა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე შედგა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ გადაცემის ცერემონია.
აღნიშნული ჯილდო, წინა წლებში მინიჭებული აქვთ – კათოლიკოს-პატრიარქს – ილია მეორეს, მწერალ როსტომ ჩხეიძეს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“, ილიკო და ნინო სუხიშვილებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, მეცნიერ ზურაბ კიკნაძეს და ნახევრად ოკუპირებული სოფელ ხურვალეთის ნებაყოფლობით მეციხოვნედ ქცეულ ეთერ ვანიშვილს. წელს კი „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით“ დაჯილდოვდა ზემო ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა, საოკუპაციო საზღვრისპირა მხარეში ახალგაზრდობის ადგილზე დამაგრების, რეგიონში საგანმანათლებლო საქმის და ხელოვნების განვითარების, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების და ცხინვალის რეგიონთან კულტურათაშორისი დიალოგის საქმეში გამორჩეული საქმიანობისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები