რევაზ სოხაძე: ლისის ტბის მმართველი კომპანია დაუშვებლად იქცევა
„ლისის ტბის მმართველი კომპანია დაუშვებლად იქცევა, რადგან მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელიც საჯარო სიკეთეს წარმოადგენს, ჯიხურებით გადაავსო “, – განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, გააკეთა.
„როდესაც ქალაქის არასწორ განვითარებასა და ქაოტურ მშენებლობებზე გვიკიჟინებენ, ნახეთ რა ხდება ლისის ტბის ტერიტორიაზე, რომელიც ქაოტურად განთავსებული უსახური კომერციული ჯიხურებით გადაივსო“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საჯარო სივრცეა, არსებობს მისი განვითარების შესაბამისი სტანდარტი და მფლობელმა ის უნდა დაიცვას.
„მიუხედავად კერძო საკუთრებისა, ეს საჯარო სივრცეა, რომელიც აუცილებელია მოწესრიგებულად ვითარდებოდეს“, – განაცხადა სხდომაზე რევაზ სოხაძემ.