ქართველი საბავშვო მწერლის – ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის დაბადებიდან 175 წელი გავიდა

ქართველი საბავშვო მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის, დაბადებიდან 175 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული კულტურის წინაშე და მის დიდ ეროვნულ ღვაწლს.
ანასტასია თუმანიშვილი დაიბადა 1849 წელს თბილისში. მან ჯერ მადამ ფავრის პანსიონი დაამთავრა, შემდეგ – ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. მისი მოღვაწეობა მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას: საბავშვო მწერლობას, საყმაწვილო ჟურნალისტიკას, ქალთა მდგომარეობას, ქველმოქმედებას.
ანასტასია თუმანიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი. მან დააარსა ქალთა საზოგადოება „განათლება“, სოფელ ხელთუბანში ააგო სკოლა ღარიბი ოჯახების შვილებისთვის, თბილისის რამდენიმე უბანში გახსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, თუმცა მისი მთავარი დამსახურება საბავშვო მწერლობასა და ჟურნალისტიკას უკავშირდება. ჯერ ჟურნალ „ნობათში“ თანამშრომლობდა, 1890 წელს კი დააარსა ნახატებიანი ჟურნალი „ჯეჯილი“, რომელმაც მისი რედაქტორობით 30 წელზე მეტხანს იარსება და უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში. ამ ჟურნალთან თანამშრომლობდნენ ეკატერინე გაბაშვილი, რაფიელ ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, შიო მღვიმელი. ჟურნალში იბეჭდებოდა თვითონ ანასტასია თუმანიშვილის ორიგინალური, ნათარგმნი თუ გადმოკეთებული მოთხრობები.
ჟურნალი განსაკუთრებულად ეროვნული ხასიათი იმითაც ჩანს, რომ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ 1922 წელს მისი გამოცემის უფლება სახალხო კომისარიატს გადასცა, ერთი წლის შემდეგ კი დახურა.
ანასტასია თუმანიშვილი ცნობილი ქართველი მწერლის, გიორგი წერეთლის, მეუღლე იყო და მასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალ „კვალს“.
ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები