ბელგიური კომპანია Jan De Nul NV ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს – კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით.
ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.
„იან დე ნული“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. „იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.
აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ“ ჯგუფის მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali – დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.
,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორის ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.