ანდრია ჯაღმაიძე: მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების თემაზე შემოთავაზება იყო
“ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო”, – ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე.
მისივე თქმით, ეს არის შემოთავაზება, რომელიც მსჯელობის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს.
„ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება. აქ ჩვენ უნდა შინაარსზე გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს ატარებს. მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ამდენად, ეს შემოთავაზებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს კიდევ უფრო გამყარებული. რაც შეეხება ფასეულობების, ტრადიციის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, ამას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი. თვითონ ფორმულირებას რაც შეეხება, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი და არ არის პრინციპული და არც ასე მკაცრად არ დგას საკითხი. მთავარი თემა აქ არის, რომ რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რომელიც, რაც მოგახსენეთ, ამას შეუწყობს ხელს. საპატრიარქო ახლა მსჯელობს. ორშაბათს იყო შეხვედრა მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა ვერ მოახერხა მოსვლა, რადგან სპონტანურად დაიგეგმა შეხვედრა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა შეიკრიბება ხვალ და აი ამ ფორმულირებაზე იმსჯელებენ.
ეს არის შემოთავაზება, ძალიან კეთილგანწყობილი, რომ იმ საქმეში, რასაც ახლა სახელმწიფო ასე მკაფიოდ აკეთებს და რასაც ეკლესია მუდმივად აკეთებდა, რადგან ეს არის ტრადიციების დაცვა და ქრისტიანული ღირებულებების კარგად გაშლა სიღრმისეულად. აი, ამას შეეწყოს ხელი. რა ფორმულირება იქნება, ამას ალბათ უნდა დაველოდოთ და ცოტა ხნის მერე შევიტყობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის კატეგორიულად დაყენებული საკითხი, რომ რომელიმე ფორმულირება ჩაიწეროს. ჩვენ შემოგვთავაზეს, შეიძლება ეს შემოთავაზება ითარგმნოს შემდეგნაირად: რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ეკლესიის სტატუსი და მისი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო გამყარდეს და ეფექტური იყოს. რაღაცნაირად ხომ უნდა მოსულიყო ფორმულირება, იყო ეს ნახსენები თუმცა მე ვამბობ რომ ეს არ არის კატეგორიულად დაყენებული ეს წინადადება. ეს არის შემოთავაზება, რომელიც მსჯელობის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.