ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა
ახლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს ძალისხმევა რუსეთის დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა, ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტითა და ასამდე „შაჰედი“ დრონით,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს მიტანილ იერიშებს.
ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დაშავებულია ათობით ადამიანი და ყველა მათგანი საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს.
“ცხადია, რომ პუტინს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ის, რის უფლებასაც მსოფლიო აძლევს მას”,- თქვა ზელენსკიმ მიმართვაში.
მისივე თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის, რა მტკიცე გადაწყვეტილებებია საჭირო ამ ომის სამართლიანად დასასრულებლად. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის დიაპაზონზე შეზღუდვა არ უნდა იყოს, მაშინ როცა რუსეთს ასეთი შეზღუდვები არ აქვს.
“შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს და სხვა პარტნიორებს აქვთ ძალა, დაგვეხმარონ ტერორის შეჩერებაში. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები”,- განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.