BBC ხარჯების შემცირების ფონზე საინფორმაციო განყოფილებიდან ასობით თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს
ბრიტანული მაუწყებელი BBC ხარჯების შემცირების მიზნით, საინფორმაციო განყოფილებაში ასობით თანამშრომელს შეამცირებს.
ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი (FT) იტყობინება.
გამოცემის ცნობით, მაუწყებლის სხვადასხვა დეპარტამენტს ხარჯების 10%-ით შემცირება დაევალა, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება, დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს.
გაზეთის ცნობით, საინფორმაციო განყოფილება, რომელშიც BBC-ის 20 000-ზე მეტი თანამშრომლის მეოთხედია დასაქმებული, აპირებს, რომ თანამშრომლების გათავისუფლების გეგმების შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადოს.
გაზეთის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ შემცირებები, განსაკუთრებით, კორპორაციის გარკვეული რადიოსადგურების თანამშრომლებს შეეხება.
BBC დაფინანსებას ძირითადად ლიცენზიის მოსაკრებლიდან იღებს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყველა ოჯახს ეკისრება. ფერადი ტელევიზორის ლიცენზიის საფასური წელიწადში 180 ფუნტი სტერლინგია (240 აშშ დოლარი), ხოლო შავ-თეთრი ტელევიზორის – 60,50 ფუნტი სტერლინგი (80 აშშ დოლარი). ტელევიზორის არმქონე ოჯახებმაც კი უნდა გადაიხადონ, იმ პირობით, რომ ისინი პირდაპირ ეთერში გადაცემებს უყურებენ – არა აუცილებლად BBC-ზე, არამედ ვიდეო ჰოსტინგის საიტებზე, როგორიცაა YouTube – თავიანთ კომპიუტერებზე, პლანშეტებზე ან ტელეფონებზე.
მედიის თანახმად, ლიცენზიის საფასური უსინათლოებმაც კი უნდა გადაიხადონ, მაგრამ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. 74 წელს გადაცილებული ადამიანები გადასახადისგან თავისუფლდებიან. კორპორაცია ლიცენზიის საფასურიდან ყოველწლიურად დაახლოებით 3,8 მილიარდ ფუნტს (5 მილიარდი აშშ დოლარი) გამოიმუშავებს, რაც მისი მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 65%-ს შეადგენს.
როგორც The Guardian აღნიშნავს, BBC ყოველწლიურად 550 მილიონ ფუნტ სტერლინგზე (735 მილიონი აშშ დოლარი) მეტს კარგავს იმის გამო, რომ ზოგიერთი ოჯახი თავს არიდებს გადასახადს. მედიის თანახმად, BBC-ის პროდუქციისადმი ინტერესის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი მაყურებლის ნდობის დაკარგვაა.