უკრაინა ბელორუსიას საზღვრიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ბელორუსმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და შეწყვიტოს არამეგობრული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ომში ჩართვის რისკის ქვეშ იქნება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ბელორუსის ოფიციალურ პირებს, მოსკოვის ზეწოლის გამო არ დაუშვან ტრაგიკული შეცდომები თავიანთი ქვეყნისთვის“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაზვერვის მიერ მიწოდებული ცნობებით, ბელარუსი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე გომელის რეგიონში, „სწავლების სახით“, თავს უყრის მრავალრიცხოვან პერსონალს, რომელთა შორისაც არიან სპეციალური დანიშნულების ძალები, შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა, ასევე „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების თითქმის მესამედი უკრაინის საზღვართან განალაგა და განმარტა, რომ ეს ნაბიჯი კიევის მიერ ბელორუსის საზღვართან ჯარების შეგროვების პასუხი იყო.

უკრაინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელორუსის ჯარების განლაგება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარე ზონაში იყო კონცენტრირებული.

„სწავლების ჩატარება სასაზღვრო არეალში ბირთვული ობიექტის სიახლოვეს, საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და, ზოგადად, გლობალურ უსაფრთხოებას.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინას არასოდეს მიუღია და არ აპირებს რაიმე არამეგობრული ქმედებების განხორციელებას ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ

თუმცა, ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ ბელორუსის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფო მიიღებს ყველა საჭირო ზომას გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების განსახორციელებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები