იემენთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა – დაიღუპა, სულ მცირე, 13 ადამიანი
ნავი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, იემენის სანაპიროებთან ჩაიძირა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, – ამის შესახებ გაეროს მიგრაციის სააგენტომ განაცხადა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განცხადებით, მიგრანტების ნავს ეთიოპიის 25 და იემენის 2 მოქალაქე გადაჰყავდა. 11 მამაკაცისა და ორი ქალის ცხედარი ნაპოვნია, ხოლო დანარჩენი 14 – უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება.
„ეს უკანასკნელი ტრაგედია მკვეთრი შეხსენებაა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც აწყდებიან მიგრანტები ამ მარშრუტზე“, – თქვა მეტ ჰუბერმა, IOM-ის ხელმძღვანელმა იემენში.
სააგენტოს ცნობით, იემენში ჩასული მიგრანტების რაოდენობა ბოლო წლებში სამჯერ გაიზარდა. თითქმის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიუხედავად, იემენი აღმოსავლეთ აფრიკიდან მიგრანტებისთვის მთავარ გზად რჩება.
“იემენში მისასვლელად, კონტრაბანდისტები მიგრანტებს ხშირად სახიფათო, გადატვირთული გემებით, წითელი ზღვის ან ადენის ყურის გავლით გადაჰყავთ. გასული ათწლეულის განმავლობაში, მინიმუმ 2,082 მიგრანტი გაუჩინარდა, მათ შორის 693 დაიხრჩო”,- განაცხადა IOM-მა.