Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა.

BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.

საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან. ასევე, გამოძიება ფოკუსირებულია “ტელეგრამზე” მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, პოლიციის აზრით, კრიმინალურ მოქმედებებს უხსნის გზას.

ფრანგული მედიის ცნობით, შესაძლო ბრალდებებს შორის ასევე არის: ტერორიზმი, თაღლითობა, ფულის გათეთრება, დანაშაულის დაფარვა.

Telegram-ის ადმინისტრაციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პაველ დუროვის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ინფორმაციისთვის, Telegram-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები