“კეთილის გამარჯვებას ბრძოლა სჭირდება და დღეს ეს ბრძოლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის” – პაპუაშვილი
“დღეს, როცა სამყარო თითქოს გადაირია, ყველა ქართულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე წუხან და ფიქრობენ, უნდათ რომ ხვალინდელი დღე ნათელი და მშვიდობიანი იყოს, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ წინაპართა ტრადიციები და კვლავაც დაიცვან ქართული კულტურა, ენა, სარწმუნოება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, ეს წუხილი არაა უსაფუძვლო. საფრთხე მართლაც დიდია, და ის ყოველდღიურად სულ უფრო შეუნიღბავი და თვალსაჩინო ხდება. თვალსაჩინოა, თუ რა ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება რწმენის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორი გააფთრებით ებრძვიან ეკლესიას.
ხელის გულზე დევს მცდელობა სხვადასხვა სახელითა თუ იდეოლოგიით შეფუთონ საკუთარი მიზანი, რომ ოჯახს და ადამიანს დაუკარგონ მნიშვნელობა, სახელმწიფოებრიობას საყრდენი გამოაცალონ. მუხას ფესვები მოაჭრან და მუმლი შეუსიონ. უსამშობლო, ფესვების არმქონე, ცარიელი ადამიანის კონტროლი ხომ მარტივია?! ვინაიდან, სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი მორჩილება.
ასეთი ხილული, ხელშესახები და მასშტაბური არასდროს ყოფილა ბოროტება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს სიმტკიცე და უკომპრომისობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეგობრებსაც და მტრებსაც, რას ვირჩევთ, რომელ მხარეს ვდგავართ:
– ვინარჩუნებთ ჩვენს ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ იდენტობას, თუ ვითქვიფებით სხვათა ცხოვრების წესში?
– ვზრდით ჩვენს ვაჟებს კაცებად და ქალიშვილებს ქალებად, თუ ისე ვაბნევთ, რომ საკუთარ სქესშიც კი ვეღარ გაერკვნენ?
– ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს, როგორც ეს ომში არშეყოლით გავაკეთეთ, თუ წითელ ხალიჩაზე და ფოჩიან კანფეტებზე ვიყიდებით, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს?
– ვირჩევთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, თუ ვირჩევთ დესამშობლოიზაციას, როგორც ამას ოპოზიციის პირით გვითვლიან?
– ვლოცულობთ ჩვენს სალოცავებში, თუ ვაღმერთებთ სხვათა კერპებს?
– ვიფიცებთ ჩვენს დროშაზე, თუ სხვის დროშას ვაფრიალებთ?
მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მჯერა, რომ ჩვენი შვილები სწორედ ისეთ საქართველოში იცხოვრებენ, როგორზეც ჩვენ, ყველანი ვოცნებობთ, რადგან ასეთია კანონზომიერება – ბოროტს ყოველთვის დაძლევს კეთილი.
მაგრამ ბოროტის ძლევა თავისით არასდროს მოდის. კეთილის გამარჯვებას ბრძოლა სჭირდება და დღეს ეს ბრძოლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა დავდგეთ და საქართველოს სათქმელი ყველას გასაგონად ვთქვათ: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო! შეგვეწიოს ჩვენი სალოცავები!”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.