ბექა ოდიშარია: ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ წამოიწყო ახლა “ქართულმა ოცნებამ” მკაფიო საუბარი, რომ დადგა დრო, დამნაშავეები გასამართლდნენ

“ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ წამოიწყო ახლა “ქართულმა ოცნებამ” მკაფიო საუბარი, რომ დადგა დრო, დამნაშავეები გასამართლდნენ, პასუხი აგონ საზოგადოებისა და ქართული კანონის წინაშე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სამართალმა უნდა იზეიმოს.

„სტრასბურგსა და ჰააგაში სააკაშვილის მიერ დანატოვარი მანკიერი მემკვიდრეობა, რომელიც ემუქრებოდა ქართველ სამხედროებს და მათ კისერზე იყო მახვილივით დაკიდებული, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული აქტივობებით, ამ ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე საქართველოს გამარჯვებით იქნა დასრულებული. საქართველოს ომის წამოწყებაში და ქართველ სამხედროებს დანაშაულებრივ ქმედებაში ბრალს აღარავინ დებს, რასაც სააკაშვილი დაეთანხმა ჯერ ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით.

ახლა ეს მძიმე საერთაშორისო სამართლებრივი ომები ზურგს უკანაა. საქართველო ამ თვალსაზრისით სამშვიდობოსაა გასული. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ იმ ხალხმა, ვინც საქართველო ასეთი რისკის ქვეშ დააყენა პასუხი აგოს. ნურავის ნუ გაუკვირდება და წლებით ნუ მანიპულირებენ. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, არსებობს ის გამოცდილება, როდესაც ფაშისტური გერმანიის ლიდერებსა და დამნაშავეებს ახლაც ასამართლებენ, როდესაც უკვე 80 წელზე მეტია გასული. საერთაშორისო საზოგადოებაში არავის უტრიალდება ენა, რომ რაღა დროს ფაშიზმის გასამართლებააო. სადაც წაასწრებენ დამნაშავეს, იქ აგებინებენ პასუხს. რატომ უკვირს პოლიტიკურად ანგაჟირებულ საზოგადოებას, რომ 21-ე საუკუნეში ჩადენილ დანაშაულებზე 10-15 წელში მოსთხოვენ პასუხს. ეს ხალხის დაკვეთაა და სამართალმა უნდა იზეიმოს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები