ლტოლვილთა სამინისტრო დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. დევნილთა მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მიუხედავად ამისა, სამინისტრო დევნილების მოთხოვნებს სწავლობს და ისინი ქუჩაში არ აღმოჩნდებიან.
“შეჭრილებთან დაკავშირებით პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ყველა ობიექტზე და არამარტო ტაშკენტზე, ჩვენ ნამდვილად ვერ შევცვლით გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლებრივად გვავალდებულებს, რომ მივიღოთ სწორი და შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილებები ყველა ობიექტზე იმ კრიტერიუმების დაცვით, რაც არის გაწერილი ჩვენს რეგულაციებში და მინისტრის სამოქმედო ბრძანებაში. მიუხედავად იმისა, რა ხმაურითაც არ უნდა ჩაიაროს, არ იქნება კომპრომისის დაშვების პრეცედენტი და მაგალითი, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება არ შეიცვლება, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ოჯახებთან დაკავშირებით მიდგომა არის ერთადერთი და სწორი, ჩვენ ვსწავლობთ მათ მოთხოვნებს, საჭიროებებს, მათ ქუჩაში არ ვყრით”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
სამინისტროს შენობის წინ იძულებით გადაადგილებული პირები აქციას მართავენ. როგორც ტაშკენტის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები აცხადებენ, მათ მიუვიდათ უწყება, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი უნდა დატოვონ, ვინაიდან ფართები დევნილებს რიგითობის მიხედვით უნდა გადაეცეთ. დევნილები სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები