რუსეთის ფედერაციაში ISIS-ის წევრებმა წინასწარი დაკავების ცენტრის სამი თანამშრომელი მოკლეს, რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს N19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, მძევლები დისციპლინური კომისიის სხდომაზე აიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, ტერორისტებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთში აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრები არიან, კოლონიის, სულ მცირე, სამი თანამშრომელი მოკლეს, ხოლო რამდენიმე დაჭრეს და მძევლად აიყვანეს.

დამპყრობლებმა უშიშროების ძალებს ერთი ტყვე გადასცეს, მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ტყვეობაში კიდევ ხუთი ადამიანი რჩება.

პირები, რომლებსაც მძევლები ჰყავთ აყვანილი, შვეულმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვენ, ხოლო ადევნების შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრებიან. ისინი აცხადებენ, რომ კოლონიაში მათ შეძლეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობა და მისი აფეთქებით იმუქრებიან.

ბუნტის მიზეზად კოლონიის ხელმძღვანელობის მხრიდან  ყველა რადიკალისთვის თავის გადაპარსვა და რელიგიური ლიტერატურის კითხვის აკრძალვა სახელდება.

უსაფრთხოების ძალები მძევლების გასათავისუფლებლად ემზადებიან, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების შვეულმფრენი მივიდა, მობილიზებულია სპეცრაზმიც. ასევე, ცნობილია, რომ ვოლგოგრადის მეჩეთიდან შემთხვევის ადგილზე მოლა მიემართება, რომელიც მოლაპარაკებებში ჩაერთვება.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები